ერთმა მუტაციამ ამ თევზებში ცნობისმოყვარეობა გაამძაფრა — კვლევა
ცნობისმოყვარეობა საინტერესო რამაა. ის წინსვლისკენ გვიბიძგებს და, ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, საფუძვლად ბიომრავალფეროვნებასაც დაედოს. კერძოდ, მეცნიერები ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში ამგვარი თვისებები ცხოველებში ინდივიდუალურ ქცევებს აყალიბებს, რაც ახალი სახეობების ევოლუციას განაპირობებს.
სპეციალისტებმა ციქლასებრი თევზების 57 სახეობა შეისწავლეს, რომლებიც ზამბიაში მდებარე ტანგანიკას ტბაში ბინადრობენ. ამ ოჯახში შემავალ არსებებს ის გამოარჩევს, რომ ბოლო 50 მილიონი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ახალ სახეობად დაიყვნენ. განსაკუთრებულად საინტერესოა აღმოსავლეთ აფრიკაში გავრცელებული ციქლასებრნი, რომლებიც დაახლოებით 2000 მსგავს განშტოებად არიან დაყოფილნი და უკვე 100 000 წელია, სხვადასხვა ეკოლოგიურ ნიშას მარტივად ეგუებიან.
მათ მსგავსად, ტანგანიკაში მობინადრე თევზებიც ძალიან მრავალგვარი ფორმით, ფერითა და კვებითი ჩვევებით არიან წარმოდგენილნი. ამგვარმა ადაპტაციებმა მათში ერთმანეთთან კონკურენცია შეასუსტა და საშუალება მისცა, დამოუკიდებლად განვითარებულიყვნენ.
ამაში დიდ როლს სწორედ ძიებითი ქცევა ასრულებს, რომელიც ცხოველთა პოპულაციებსა თუ ცალკეულ ინდივიდებს ახალ საფრთხეებთან ერთად, ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ეს გარკვეულწილად სახეობათა დიფერენციაციაშიც უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ როგორი გენეტიკური საფუძველი აქვს ამ ყველაფერს, კარგად შესწავლილი არაა.
ახალი კვლევის ფარგლებში ეს საკითხი მეცნიერებმა ციქლასებრთა მაგალითზე გააანალიზეს. ისინი თვეების განმავლობაში ექსპერიმენტებისას დაახლოებით 700 თევზის ქცევას იწერდნენ. ვიდეოებში ნაჩვენები იყო, როგორ ათვალიერებდა თითოეული მათგანი ახალ გუბურას, მათ შორის რომელ არეალებში მიცურავდნენ უფრო ხშირად 15-წუთიან პერიოდში.
ავტორები ამბობენ, რომ ციქლასებრთა სახეობებში ძიებითი ქცევის მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდა, რაც ლაბორატორიულ პირობებშიც დადასტურდა. კვლევამ ამგვარ ქცევასა და თევზების სხეულის ფორმასა თუ მათ საცხოვრებელ არეალს შორის ძლიერი კორელაცია გამოავლინა. მაგალითად, ნაპირთან ახლოს მობინადრე პოპულაცია უფრო დიდი სხეულით გამოირჩეოდა და მეტად ცნობისმოყვარე იყო, ვიდრე შედარებით გრძელი სხეულის მქონენი, რომლებიც ღია წყალში არჩევენ ყოფნას. მეცნიერების თქმით, ეს ევოლუციურ პროცესებზე ცხოველთა ქცევის დიდ გავლენაზე მიუთითებს.
ამის შესახებ მეტის გასაგებად, სპეციალისტებმა ახალი ტექნიკა შეიმუშავეს, რათა სახეობების გენომი გაეანალიზებინათ და შედეგები შეედარებინათ. მათ ისეთი გენეტიკური ვარიანტის იდენტიფიცირება მოახერხეს, რომელიც ძიებით ქცევასთანაა კავშირში. კერძოდ, სახეობები, რომლებშიც დნმ-ის კონკრეტულ რეგიონში თიმინი გვხვდება, მეტ ცნობისმოყვარეობას ავლენენ, ვიდრე ისინი, ვისთანაც ციტოზინია.
CRISPR-Cas9-ის გენური რედაქტირების ტექნოლოგიის მეშვეობით ავტორებმა თევზების გენომში მიზანმიმართული მუტაციები გამოიწვიეს. ამან მათში ძიებითი ქცევა შეცვალა და ცნობისმოყვარეობა გაამძაფრა.
საინტერესოა, რომ ადამიანში იმავე ტიპის გენის მუტაცია შიზოფრენიასა და ბიპოლარულ აშლილობასთანაა დაკავშირებული, ამიტომ მსგავსმა კვლევებმა შესაძლოა, ჩვენი მახასიათებლების შესახებაც მოგვაწოდოს ინფორმაცია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები