ესპანეთში შუა საუკუნეების მებრძოლი ქალის ჩონჩხი აღმოაჩინეს
ის კაცების გვერდიგვერდ იბრძოდა, მაგრამ მათთან ერთად არ ჭამდა.
შუა საუკუნეების რაინდების სასაფლაოზე ცენტრალურ ესპანეთში მეომარი ქალის ჩონჩხი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ქალი ბრძოლაში დაიღუპა. კვლევის ავტორების აზრით, ეს მებრძოლი კალატრავას ორდენის წევრი იყო, რომელიც კასტილიის სამეფოს ჩრდილოეთ აფრიკელი დამპყრობლებისგან იცავდა.
მკვლევრებმა ეს საინტერესო აღმოჩენა 25 ადამიანის ნეშტის ანალიზის დროს გააკეთეს. ისინი ზორიტა დე ლოს კანესის ციხეში იყვნენ დაკრძალული, ციხეში, რომელიც 1174 წელს კალატრავას ორდენმა დაიპყრო. ციხე გვადალაჯარას პროვინციაშია, მდინარე ტაგუსის ნაპირზე. ის ამ რელიგიური ორდენის მთავარი დასაყრდენი იყო და შესაბამისად, რაინდებს აქ კრძალავდნენ.
"დაკრძალული ადამიანების უმეტესობას დიდი რაოდენობის გამჭოლი ჭრილობები და დაზიანებები აღენიშნებათ. ეს ნიშნავს, რომ მებრძოლებს ცხოვრებაში ბევრი ჭრილობა ჰქონდათ მიღებული. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს მეომრებთან", — თქვა კვლევის ავტორმა, კარმე რისეხმა.
ომის ჭრილობებზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ რაინდები 1195 წელს ალარკოსთან ბრძოლაში დაიღუპნენ. არის მეორე ვერსიაც, რის მიხედვითაც, მებრძოლები დე ტოლოსას ბრძოლებში 1212 წელს დაიხოცნენ. ეს ორივე ბრძოლა გადამწყვეტი იყო ზორიტა დე ლოს კანესის, როგორც კალატრავას მთავარი ციხე-სიმაგრის ორდენის ჩამოყალიბებაში.
ძვლების იზოტოპურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ დაღუპული მეომრები ძირითადად ფრინველისა და თევზის ხორცს მოიხმარდნენ. ეს აღმოჩენები მიუთითებს იმაზე, რომ მებრძოლები ელიტის წევრები იყვნენ.
საინტერესოა, რომ 25 ჩონჩხიდან ერთი ჩვილს ეკუთვნოდა და ერთიც ქალს. როგორ მოხვდა ბავშვი სასაფლაოზე, უცნობია. იზოტოპური მონაცემების თანახმად, ჩვილის დედა იმ დროისთვის საკმაოდ ძვირად ღირებულ საკვებს მოიხმარდა. ეს აჩენს ვარაუდს, რომ დედა კალატრავას ორდენთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება ქალს, როგორც ჩანს, მას სიცოცხლეში ძვირად ღირებულ საკვებზე ხელი არ მიუწვდებოდა.
"ქალი ცხოვრების განმავლობაში ცილის დანაკლისს განიცდიდა, რაც იმაზე უთითებს, რომ ის მაღალ სოციალურ ფენას არ მიეკუთვნებოდა", — განმარტა რისეხმა.
თუმცა, დაზიანებების მიხედვით, ის ბრძოლებში მონაწილეობდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ქალი სიცოცხლეში სპეციალურ ჯავშანსაც ატარებდა, მაგრამ როგორც ჩანს, კაცებთან ერთად არ იკვებებოდა.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები