პლანეტა, რომლის ატმოსფეროც მძვინვარე ვარსკვლავს გადაურჩა — გაიცანით ფენიქსი
ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 1 800 სინათლის წლის მოშორებით აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც საკუთარი წითელი გიგანტი ვარსკვლავის რადიაციის გამო, წესით, ატმოსფეროს გარეშე უნდა დარჩენილიყო. ამის მიუხედავად, ის როგორღაც მძლავრ დასხივებას გადაურჩა, რის გამოც მას ფენიქსი შეარქვეს.
ტელესკოპ TESS-ით დაფიქსირებული ეს ციური სხეული, ოფიციალური სახელწოდებით TIC 365102760 b, იმაზე ბევრად პატარა, ცხელი და ხნიერია, ვიდრე მსგავსი პლანეტის შემთხვევაში შესაძლებლად მიიჩნეოდა. ის ევოლუციის ბოლო ეტაპზე მყოფ მნათობთან ძალიან ახლოს გადაადგილდება და ცხელი ნეპტუნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა მასაც სწორედ ნეპტუნის ან ურანის მსგავსია.
ფენიქსი 10 მილიარდი წლისაა, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ხნიერია. შედარებისთვის, დედამიწის ასაკი 4.5 მილიარდი წელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 100 მილიონ წელში ის საკუთარ ვარსკვლავს უფრო და უფრო მიუახლოვდება, საბოლოოდ კი მის მიერ შთაინთქმება.
ასეთი გარდაუვალი სიკვდილის მიუხედავად, TIC 365102760 b მეცნიერებში გაოცებას იწვევს, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ გადაურჩა მისი სქელი ატმოსფერო მნათობის ძლიერ რადიაციას.
თავად ვარსკვლავს TIC 365102760 ჰქვია და, როგორც უკვე ვახსენეთ, წითელი გიგანტის ფაზაშია. ეს ნიშნავს, რომ ის 10 მილიარდი წლის განმავლობაში ბირთვული რეაქციებისთვის წყალბადს იყენებდა, მაგრამ მისი მარაგის ამოწურვისას გარე შრეები გაუფართოვდა და თავდაპირველ ზომას 100-ჯერ გადააჭარბა.
ფენიქსი მასთან 9 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე მოძრაობს, რის გამოც მისი თითო წელი სულ რაღაც 4.2 დღეში გადის. ის დედამიწაზე 6.2-ჯერ განიერი და 20-ჯერ მასიურია ასევე, მოულოდნელად დაბალი სიმკვრივე აქვს, რომელიც ყველაზე მკვრივი ცხელი ნეპტუნისას 60-ჯერ ჩამოუვარდება.
ამგვარი მახასიათებლები მიუთითებს, რომ მასში მიმდინარე უცნობი პროცესები ატმოსფეროს იმაზე ნელა განადგურებას იწვევს, ვიდრე მნათობთან ასეთი სიახლოვისას ხდება ხოლმე.
მსგავსი ეგზოპლანეტების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში მზეც წითელ გიგანტად გადაიქცევა და მარსის ორბიტამდე გაფართოვდება, გზად კი ყველაფერს შთანთქავს, მათ შორის დედამიწას. ეს 5 მილიარდ წელში მოხდება, ამიტომ ამგვარ მაგალითებზე დაკვირვება ჩვენი სისტემის მომავლის განსაზღვრაში დაგვეხმარება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები