შესაძლოა, ცხელი ღამეები ინსულტის რისკს ზრდიდეს
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ღამით მაღალი ტემპერატურა ინსულტის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს. ეს ნიშნავს, რომ დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე კლიმატის ცვლილება შესაძლოა, ჯანმრთელობის ასეთ პოტენციურ საფრთხეს აჩენდეს, რადგან გლობალური მასშტაბით სულ უფრო და უფრო თბება.
სპეციალისტებმა გერმანიის ქალაქ აუგსბურგში 15 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ინსულტის შემთხვევები შეისწავლეს და ეს მონაცემები ამ პერიოდის ტემპერატურულ მაჩვენებლებთან შეაჯერეს. დადგინდა, რომ სტატისტიკურად მსგავსი რამ უფრო მეტ ადამიანს ემართებოდა მაშინ, როცა განსაკუთრებულად ცხელი ღამეები იყო. გამორჩეულად მოწყვლადი ქალები და ხნიერი ინდივიდები აღმოჩნდნენ.
2006-დან 2020 წლამდე აუგსბურგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ინსულტის 11 037 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის რისკი 7%-მდე იზრდებოდა ე.წ. ტროპიკული ღამეების დროს, რომლებიც კვლევაში 14.6°C-ზე მაღალი ტემპერატურის მქონე პერიოდებად განისაზღვრა. ისინი მთელი ამ 15 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ღამეების 5%-ს შეადგენდა.
საინტერესოა, რომ 2006-დან 2012 წლამდე პერიოდში ცხელი ღამეები ყოველწლიურად ინსულტის დამატებით 2 შემთხვევასთან დააკავშირეს. 2013-დან 2020 წლამდე ეს მაჩვენებელი უკვე 33-მდე გაიზარდა, რაც ტემპერატურის მატების ტენდენციასთან ასოცირდება.
მკვლევრები ამბობენ, რომ ზემოხსენებული სტატისტიკის მიღმა შესაძლოა, ისეთი ფაქტორები იყოს, როგორიც გაუწყლოების მეტი შანსია, რაც ინსულტის რისკს ზრდის. ასევე, აღსანიშნავია გამაგრილებელ დანადგარებზე, მაგალითად კონდიციონერებზე, შეზღუდული ხელმისაწვდომობა და სხვა სოციოეკონომიკური გარემოებები.
ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა პრევენციული საშუალებების დანერგვაში დაგვეხმარება, როგორიცაა საავადმყოფოებში ცხელი ღამეების დროს მეტი პერსონალის მორიგეობა და მოწყვლადი პოპულაციისთვის რისკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ურბანულ პირობებში სხვადასხვა მეთოდით მაღალი ტემპერატურის შემცირება, თუნდაც ხეების დარგვის გზით.
ამ ცვლილებების გარეშე შესაძლოა, ინსულტი უფრო გახშირდეს, მაგრამ ამის დასადასტურებლად უფრო მასშტაბური და სიღრმისეული კვლევებია საჭირო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში European Heart Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები