ინგლისში ნაწლავური სიმსივნის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა პირველ პაციენტს გაუკეთეს
ინგლისში ახალი პროგრამა დაიწყო, რომელსაც Cancer Vaccine Launch Pad ეწოდება. მის ფარგლებში mRNA ტექნოლოგიით შექმნილი პერსონალიზებული ვაქცინა ათასობით ადამიანს გაუკეთდება.
პირველი პაციენტი, რომელმაც ნაწლავური სიმსივნის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პრეპარატი მიიღო, 55 წლის ელიოტ ფიბია. უნივერსიტეტში მომუშავე ლექტორსა და 4 შვილის მამას კოლორექტული სიმსივნე რუტინული გამოკვლევისას დაუდგინდა. მას მავნე ქსოვილები და ნაწლავის ნაწილი ამოკვეთეს, რის შემდეგაც ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს.
პარალელურად, ის ახალ პროექტშიც ჩაერთო და აცხადებს, რომ ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობის მიღება უხარია, რადგან ამით სხვა ადამიანების სიცოცხლის უკეთესობისკენ შეცვლის შანსი მიეცა. საავადმყოფო, სადაც მას პრეპარატი გაუკეთეს, ინგლისში მდებარე იმ 30 კლინიკას შორისაა, რომელიც Cancer Vaccine Launch Pad-ის გარშემო გაერთიანდა. სავარაუდოდ, მომავალში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.
რაც შეეხება თავად ვაქცინებს, mRNA ტექნოლოგიით შექმნილი ამგვარი ინიექციების ეფექტიანობა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიისას ვიხილეთ. უნდა ითქვას ისიც, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო ეს პრეპარატები პერსონალიზებულია და სხვადასხვა სახის კიბოს შეიძლება შეებრძოლოს, ამიტომ იმედის მომცემია. იგეგმება, რომ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს მიეცეს.
mRNA ვაქცინების მიზანი პაციენტების ორგანიზმში სიმსივნესთან ასოცირებული ცილების წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნის პროვოცირებაა. ქიმიოთერაპიასთან, ქირურგიულ ჩარევასთან და სხვა მედიკამენტებთან ამ მეთოდის გამოყენებამ შესაძლოა, კიბო ბოლომდე გაანადგუროს და მის ხელახლა გაჩენასაც შეუშალოს ხელი.
"ასეთი კლინიკური ცდები აუცილებელია, რათა მეტ ადამიანს დაეხმაროს სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ასევე, შიშისგან და სიმსივნისგან გათავისუფლებაში", — აცხადებს დიდ ბრიტანეთში ონკოლოგიური კვლევების განხრით მომუშავე იენ ფაუკსი.
გაერთიანებული სამეფო კომპანია BioNTech-თან თანამშრომლობით 2030 წლისთვის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატით 10 000 ადამიანის უზრუნველყოფას აპირებს. იგეგმება, რომ პროგრამა სხვა სახის სიმსივნეებზეც გავრცელდეს.
კომენტარები