შესაძლოა, ფორთოხლის ქერქი გულის ჯანმრთელობისთვის კარგი იყოს — კვლევა
ფორთოხალი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. ნაყოფის ჭამისას ან მისგან წვენის დამზადებისას ადამიანთა უმეტესობა შედარებით მწარე გემოს მქონე ქერქს უბრალოდ ყრის.
ასეთი ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად 32 მილიონ ტონას შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკვებად აბსოლუტურად ვარგისია. მეტიც, მეცნიერთა დაკვირვებით, როცა ციტრუსის კანს ქათმები ჭამენ, ეს მათ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
ახლახან ფორთოხლის ქერქში ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთს მიაკვლიეს, რომელსაც ფერულოილპუტრესცინი (FP) ეწოდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესაძლოა, ამის გამო მას გულზე კარგი გავლენა ჰქონდეს.
ესაა მეტაბოლიტი, რომელიც უმეტესწილად გრეიპფრუტის წვენსა და ფოთლებში გვხვდება. უკვე ვიცით, რომ ის ფორთოხლის კანშიცაა, მაგრამ ლაიმში, ლიმონსა და მანდარინში — არა. FP-იმ ბოლო წლებში სპეციალისტების დიდი ინტერესი დაიმსახურა, რაც მისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების პოტენციალითაა განპირობებული.
მეცნიერები ექსპერიმენტების ფარგლებში თაგვებს 6 კვირის განმავლობაში ფორთოხლის ქერქის ექსტრაქტით კვებავდნენ, რომელიც ფერულოილპუტრესცინით იყო მდიდარი. მათ შენიშნეს, რომ ამ დროის განმავლობაში მღრღნელების სისხლში ანთებითი პროცესებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის დამახასიათებელი ბიომარკერები შემცირდა. კონტროლ ჯუფთან შედარებამ აჩვენა ისიც, რომ მაღალცხიმიანი დიეტის მიუხედავადაც, FP-ის დღიური დოზის მიღებამ მათში ცხიმის წარმოქმნას შეუშალა ხელი.
აღსანიშნავია, რომ ფორთოხლის კანში ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და ლიმონენის მაღალი შემცველობაა, რომელსაც ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. რაც შეეხება FP-ის, მისი მიღებისას კუჭ-ნაწლავში არსებული ზოგი ბაქტერიის მიერ მეორეულ პროდუქტ ტრიმეთილამინის გამოყოფა ფერხდება.
მას მაღალცხიმიანი საკვების გადამუშავებაში მონაწილე მიკრობები წარმოქმნიან. როდესაც ის სისხლში ხვდება, ღვიძლში აღწევს და ტრიმეთილამინ N-ოქსიდად გარდაიქმნება (TMAO). ეს უკანასკნელი არტერიაში ნალექის დაგროვების, გულის დაავადების, ინსულტის, სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტის რისკთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, FP ამ საფრთხის აღმოფხვრაში დაგვეხმაროს, რადგან ზემოხსენებულ ექსპერიმენტებში FP-ით მდიდარი ექსტრაქტის მიღების შემდეგ თაგვების ორგანიზმში TMA-სა და TMAO-ს დონე შემცირდა.
ჯერჯერობით უცნობია, იგივე ზემოქმედება ექნება თუ არა ფორთოხლის ქერქის "ნაყენს" ადამიანებზეც, მაგრამ მეცნიერებს უახლოეს მომავალში ამის გარკვევა სურთ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of Agricultural and Food Chemistry გამოქვეყნდა.
კომენტარები