ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა — ნახეთ გასაოცარი კადრები
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვულკანი ამოიფრქვა, რაც დეკემბრის შემდეგ უკვე მეხუთედ მოხდა. ლავის მასიურ ნაკადებთან დაკავშირებული საფრთხის გამო ქალაქ გრინდავიკიდან მოსახლეობის ევაკუირება გახდა საჭირო.
ვულკანური მატერია 3.4-კილომეტრიანი ნაპრალიდან ამოიფრქვა, რომელიც რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ჰელგაფელის მთასთან ახლოს, მდებარეობს. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უკანასკნელი ვულკანური აქტიურობა ბევრად მძლავრად დაიწყო, ვიდრე წინა 4.
როგორც ცნობილია, ამოფრქვევა სუნდნუკურის კრატერის მიმდებარედ მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა. სპეციალისტთა ვარაუდით, მაპროვოცირებელი ფაქტორი, სეისმური ბიძგების გარდა, ამ წარმონაქმნის ქვეშ არსებულ ბუნებრივ რეზერვუარში მაგმის დაგროვება უნდა გამხდარიყო.
29 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით შუადღის პირველ საათზე დაწყებული ამოფრქვევისას გამოთავისუფლებულმა ლავის ნაკადმა გრინდავიკისკენ მიმავალი 3 გზიდან 2 ჩახერხა. ის ჯებირს მიუყვებოდა, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის დასაცავად აშენდა.
"ქალაქის დასავლეთსა და შორეულ არეალებში არსებული სახლები ლავაში მოექცეოდა, რომ არა დამცავი კედლები", — აცხადებენ ისლანდიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში.
საფრთხის თავიდან ასაცილებლად გრინდავიკში ელექტრომომარაგებაც შეჩერდა, რადგან ლავამ მაღალი ძაბვის ხაზები გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინა ამოფრქვევებისას ლავის ამხელა მასები არ ყოფილა. ამის გამო ტურისტების საყვარელი ცისფერი ლაგუნიდანაც ევაკუაცია განხორციელდა.
უნდა ითქვას, რომ ისლანდია ვულკანურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია და 30-მდე ვულკანს მოიცავს. ასევე, იქ ახლა ვულკანური აქტიურობის 1000-წლიანი ციკლის პერიოდია, რაც ნიშნავს, რომ ხშირი ამოფრქვევები მოსალოდნელია.
კომენტარები