რის გარშემო ბრუნავს ჩვენი გალაქტიკა — რა ვიცით
ერთი შეხედვით, ყველაფერი ერთმანეთის გარშემო ბრუნავს. მთვარე პლანეტის გარშემო, პლანეტები ვარსკვლავების გარშემო, ვარსკვლავები გალაქტიკების ცენტრის გარშემო, თუმცა ჩნდება შეკითხვა, თავად გალაქტიკა რის გარშემო ბრუნავს?
ამ სტატიაში კონკრეტულად ჩვენს გალაქტიკაზე, ირმის ნახტომზე ვისაუბრებთ.
თავში დასმულ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად, ჯერ უნდა გავერკვეთ, რას ნიშნავს თავად ორბიტა. განვიხილოთ ორი ობიექტი, რომელიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობს. ეს ორი სხეული ერთმანეთზე გრავიტაციულ მიზიდულობას ახორციელებს, რაც მათ შორის კავშირს ინარჩუნებს. მზის სისტემის, ანუ დედამიწისა და მთვარის შემთხვევაში, ერთი ობიექტი მეორეზე ბევრად დიდია. ასეთ დროს მასის ცენტრი უფრო დიდი სხეულის "შიგნითაა", ასე რომ, დიდი ობიექტი დიდად არ მოძრაობს, ხოლო პატარა ობიექტი მის გარშემო ბრუნვას იწყებს.
უფრო დიდ მასშტაბებში, ყველაფერი ცოტა რთულდება. ჩვენი გალაქტიკა გალაქტიკათა ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს ირმის ნახტომს, ანდრომედას გალაქტიკას, უფრო პატარა სპირალურ გალაქტიკას სახელად Triangulum-ს და რამდენიმე ჯუჯა გალაქტიკას. ირმის ნახტომი და ანდრომედა ამ ჯგუფის ორი უდიდესი ობიექტია.
"იმის გამო, რომ ამ ორი გალაქტიკის მასა დაახლოებით იგივეა, მასის ცენტრი მათ შორისაა. გარშემო ამ ორ გალაქტიკაზე უფრო დიდი არაფერია, ამიტომ ისინი ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ", — თქვა სანგმო ტონი სონმა, ასტრონომმა მერილენდის სამეცნიერო ინსტიტუტიდან.
თუმცა, ირმის ნახტომის ორბიტა არ არის წრიული ან ელიფსური, როგორც პლანეტების ორბიტა მზის გარშემო.
"კლასიკური გაგებით ჩვენი გალაქტიკა თავისზე უფრო დიდი ობიექტის გარშემო უნდა ბრუნავდეს, მაგრამ ეს ასე არ არის", — განუცხადა სანგომ Live Science-ს.
ირმის ნახტომი და ანდრომედა ძირითადად რადიალურ ორბიტაზეა.
"წარმოიდგინეთ ორი ნივთის მიზიდულობა, რომლებიც ერთმანეთს უბიძგებენ და ისინი არ მოძრაობენ სხვანაირად, გარდა გრავიტაციული მიზიდულობისა. ისინი უბრალოდ მოძრაობენ პირდაპირ ერთმანეთისკენ. ეს არის რადიალური ორბიტა", — თქვა კრის მიჰოსმა, ასტრონომმა Case Western Reserve University-დან.
მათი რადიალური ორბიტები ნიშნავს, რომ ირმის ნახტომი და ანდრომედა საბოლოოდ ერთმანეთს შეეჯახებიან. ეს დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება. აღსანიშნავია, რომ ცალკეული ვარსკვლავები, სავარაუდოდ, არ დაეჯახება ერთმანეთს. ეს იმიტომ, რომ ვარსკვლავებს შორის დიდი სივრცეა.
"საბოლოოდ, გალაქტიკები ერთმანეთს შეერწყმება", — თქვა მიჰოსმა.
შედეგად ახალ გიგანტურ გალაქტიკას მივიღებთ. ცალკე საკითხია თუ როგორ მოძრაობს გალაქტიკების ჯგუფი, რომელშიც ჩვენ შევდივართ.
"ნამდვილად ვიცით, რომ ეს ჯგუფიც მოძრაობს. ამ მხრივ ჩვენ მეორე ჯგუფისკენ მივიწევთ, რომელიც რამდენიმე ასეულ გალაქტიკას შეიცავს. ეს ჯგუფი ჩვენგან 65 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ამიტომ, ეს ორი ჯგუფი ერთმანეთამდე ვერ მიაღწევს, ამის მიზეზი სამყაროს გაფართოებაა", — თქვა მიჰოსმა.
ასევე: 5 კოსმოსური მოვლენა, რომელსაც, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ვერ მოვესწრებით
შესაბამისად, რა შეგვიძლია ვთქვათ იმაზე, თუ რის გარშემო ბრუნავს ჩვენი გალაქტიკა? როგორც ჩანს, პასუხი არაა ცალსახა. ის როგორც ცალკეული ობიექტი მოძრაობს ანდრომედას გალაქტიკის მიმართულებით და ამ "ორბიტას" რადიალური შეგვიძლია ვუწოდოთ. ჩვენი გალაქტიკის მასშტაბებზე ელიფსური ორბიტა აღარ გვხვდება, ამიტომ სწორი იქნება თუ გამოვიყენებთ არა "გარშემოს", არამედ მიმართულებით.
კომენტარები