შესაძლოა, მარსის თანამგზავრი ფობოსი კომეტა იყოს, რომელიც პლანეტამ მიიზიდა
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, მარსის ბუნებრივი თანამგზავრი ფობოსი კომეტა ან მისი ფრაგმენტი იყოს, რომელიც წითელმა პლანეტამ გრავიტაციის გავლენით ჩაიჭირა.
მარსის ორი თანამგზავრის, ფობოსისა და დეიმოსის, წარმომავლობის შესახებ ასტრონომები უკვე მრავალი წელია, მსჯელობენ. ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი ასტეროიდებია, რომლებიც მარსმა მიიზიდა, რადგან მათი შედგენილობა ასტეროიდთა სარტყელში არსებული ობიექტების მსგავსია. ამის მიუხედავად, სიმულაციებმა აჩვენა, რომ ეს სცენარი ამ მცირე ზომის სხეულების თითქმის წრიულ ორბიტას არ შეესაბამება.
მეორე გავრცელებული ჰიპოთეზა ფობოსისა და დეიმოსის ფორმირებას მასშტაბურ კოსმოსურ შეჯახებას უკავშირებს, დაახლოებით ისეთს, რომელმაც ჩვენი მთვარე წარმოქმნა. თუ ასეა, მაშინ ორივე მათგანის ქიმიური შედგენილობა მარსისას უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ფობოსი სხვაგვარი ქიმიური მახასიათებლებისაა.
აღნიშნული საკითხის შესასწავლად იაპონია 2026 წელს მისია Martian Moons eXploration (MMX)-ის გაშვებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში მომუშავე გუნდმა აპარატის ტრაექტორიის განსასაზღვრად ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდის Mars Express მონაცემების ანალიზისას მაღალი გარჩევადობის კამერით დაფიქსირებული გამოუქვეყნებელი სურათები აღმოაჩინა. კერძოდ 300 კადრი, რომელზეც ფობოსია აღბეჭდილი.
მათზე ამ ობიექტზე არსებული სხვადასხვა წარმონაქმნია ნაჩვენები, მათ შორის 9-კილომეტრი სიგანის მქონე კრატერი "სტიკნი". სპეციალისტებმა შეისწავლეს, როგორ ირეკლავს მზის სხივებს ფობოსი სხვადასხვა კუთხიდან. დადგინდა, რომ ეს ერთგვაროვნად არ ხდება, მაგალითად კრატერის ჩრდილოეთ კიდე უფრო მეტ სინათლეს ირეკლავს. ასევე ფობოსის ზედაპირი ბევრად კაშკაშა ხდება მაშინ, როცა მზე მის ზემოთ ექცევა.
გაირკვა ისიც, რომ მარსის თანამგზავრის ზედაპირი ფოროვანი სტრუქტურისაა. აქედან ასკვნიან, რომ შესაძლოა, ის მტვრის სქელი ფენით იყოს დაფარული, ღრუიანი ნაწილაკებით, რომელთა ჩრდილიც პირდაპირი განათებისას ქრება.
ასეთი მახასიათებლები იუპიტერთან ახლომდებარე ისეთ კომეტებს აქვს, როგორიც 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ფობოსიც კომეტა იყოს. შესაძლოა, ის და დეიმოსი ერთ სხეულს ქმნიდა, რომელიც მარსის გრავიტაციამ ორ ნაწილად დაშალა.
თუ ზემოხსენებული ჰიპოთეზა მართებულია, ეს ნიშნავს, რომ კომეტების ჩაჭერა კლდოვან პლანეტებსაც შეუძლია, რისი დასტურიც აქამდე არ მოგვეპოვებოდა. ამის გარკვევაში მისია MMX დაგვეხმარება.
ახალი ნაშრომი ჯერჯერობით ონლაინ პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები