ალასკაში მდინარეები ნარინჯისფრად შეიფერა — რამ გამოიწვია მსგავსი ცვლილება
ახალი კვლევის მიხედვით, ალასკაში ათობით მდინარე და ნაკადული ნარინჯისფრად შეიფერა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მომატებული ტემპერატურის გამო გამლღვალი მზრალი ნიადაგია, რომლიდანაც წყალში ლითონები მოხვდა.
მეცნიერები შიშობენ, რომ ამან, შესაძლოა, ადგილობრივ ველურ გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ასევე, აისახოს იმ სასმელი წყლის ხარისხზეც, რომელსაც იქაურ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იყენებს.
სპეციალისტებმა ალასკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბრუქსის ქედის მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბოლო 10 წელში შეფერილობა წყლის სულ მცირე 75-მა ნაკადმა შეიცვალა.
"რაც უფრო მეტ ტერიტორიას ვაკვირდებოდით, უფრო და უფრო მეტ ნარინჯისფერ მდინარესა და ნაკადულს ვამჩნევდით. ზოგიერთი მათგანი რძიან ფორთოხლის წვენს მოგვაგონებს.
ფერშეცვლილი მდინარეები იმდენად დიდია, რომ მათი დანახვა კოსმოსიდან შეგვიძლია. იქიდან მათ დასაფიქსირებლად ისინი ძალიან დაბინძურებული უნდა იყოს", — აცხადებენ მკვლევრები.
ამ მდინარეებიდან აღებულ ნიმუშებში რკინის, თუთიის, ნიკელის, სპილენძისა და კადმიუმის მაღალი კონცენტრაცია გამოავლინეს. ასევე, აგაშაშოკის მდინარის აუზის წყალი საოცრად მჟავიანი აღმოჩნდა. კერძოდ, მისი pH-ის მაჩვენებელი 2.6-ს უდრის, რაც ლიმონის წვენისა და თეთრი ძმრის მჟავიანობასთან ახლოსაა. მეცნიერები ამბობენ, რომ მისი ქვედა დინების არეალში მცენარეული საფარი გაშავებული და მკვდარი იყო.
მათი თქმით, წყლის ასეთი შეფერილობის უმთავრესი მიზეზი რკინაა, კერძოდ კი მისი ოქსიდების ფორმირება. სწორედ ეს პროცესი უწყობს ხელს ჟანგის, იგივე რკინა (III)-ის ოქსიდის, წარმოქმნას, რომელიც მოწითალო-მონარინჯისფროა.
მსგავსი შედგენილობა მდინარეებში მობინადრე თევზებისთვის საფრთხის შემცველია, რის გამოც იქ მათი ზოგიერთი სახეობის პოპულაციის რაოდენობის კლების რისკი ჩნდება. მათ შორისაა მალმა, კეტა და სიგი. პროგნოზირებენ, რომ კლიმატის ცვლილების პარალელურად მსგავსი პრობლემები მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც შეიძლება ვიხილოთ, სადაც მზრალი ნიადაგია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature journal Communications: Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები