ესმის თუ არა ყველას კითხვისას შინაგანი ხმა?
თუ ტექსტების კითხვისას სიტყვები გონებაში გესმით, მარტოები არ ხართ. ამ ფენომენს შინაგანი მკითხველის ხმა ეწოდება, მაგრამ რამდენად გავრცელებულია ის ადამიანებში და განსხვავდება თუ არა მისი მახასიათებლები ინდივიდუალურად?
ამ საკითხის შესახებ ორი მნიშვნელოვანი კვლევა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორ რუვანი ვილჰაუერს ეკუთვნის, რომელმაც თავდაპირველად ინფორმაციის შეგროვება ინტერნეტში დაიწყო. 136 პოსტის ანალიზის შედეგად მან დაასკვნა, რომ ადამიანთა 82.5%-ს კითხვისას შინაგანი ხმა ესმოდა. ეს უკანასკნელი თითქმის ყოველთვის იდენტიფიცირებადი მახასიათებლების იყო, როგორიცაა გენდერი, ტემბრი თუ ემოციური ტონი.
ამ ადამიანების დაახლოებით ნახევარს მხოლოდ ერთი კონკრეტული ხმა ესმოდა, უმეტესწილად საკუთარივე. ზოგი ინდივიდის თქმით, მათ რამდენიმე შინაგანი ხმა ჰქონდათ, რაც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა ტიპის ტექსტს კითხულობდნენ.
მეორე კვლევის ფარგლებში სპეციალისტმა 570 მოხალისეს კითხვარი შესთავაზა, რათა ზემოხსენებული ფენომენზე მეტი გაეგო. მათგან დაახლოებით 4/5-ს კითხვისას ხმა ყოველთვის ან ზოგჯერ მაინც ესმოდა. 20% სიტყვებს უბრალოდ აღიქვამდა, ყველანაირი შინაგანის ხმის გარეშე.
პირველ ჯგუფში შემავალი ადამიანების 34.2%-მა დააფიქსირა, რომ ეს ხმა კითხვისას ყოველთვის ესმოდა, 45%-ს კი — "ხშირად". 19%-მა განაცხადა, რომ თავად შეეძლო აერჩია, როდის გააქტიურდებოდა შინაგანი ხმა და როდის გაჩუმდებოდა. რესპონდენტების თითქმის 3/4-ის თქმით, მათ გარკვეული ასპექტების გაკონტროლება შეეძლოთ, მაგალითად 35.6%-ს ხმის იდენტობის (იმის, თუ რომელ ხმას გაიგებდნენ), ხოლო 36.5%-ს ტემბრის.
სხვა მეცნიერთა კვლევამ ცხადყო, რომ, როგორც წესი, ადამიანებს კითხვისას ისეთი ხმა ესმით, რომელიც თავად მათ აქცენტს იმეორებს. სპეციალისტების თქმით, ამან შესაძლოა, წაკითხული ლექსების რითმაზე და სხვა ფაქტორებზე იქონიოს გავლენა.
ასეა თუ ისე, ეს ფენომენი სიღრმისეულად ჯერ კიდევ არაა გამოკვლეული.
კომენტარები