პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის სიკვდილთან ტრანსპლანტაციას კავშირი არ აქვს.
სულ რაღაც ორი თვის წინ ექიმებმა ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი პირველ ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს. რიჩარდ სლეიმენს ოპერაცია მასაჩუსეტსის საერთო პროფილის საავადმყოფოში 18 მარტს ჩაუტარდა, პროცედურა წარმატებით განხორციელდა და მალევე ის კლინიკიდან გაწერეს.
ახლახან ექიმებმა სწორედ ამ პაციენტის სიკვდილის შესახებ გვამცნეს.
"ტრანსპლანტოლოგთა გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი რიკ სლეიმენის მოულოდნელი სიკვდილის გამო. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ტრანსპლანტატმა გამოიწვია", — ვკითხულობთ საავადმყოფოს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სლეიმენს თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. მას ჯერ დონორი ადამიანის ორგანო გადაუნერგეს, მაგრამ რამდენიმე წელში ის თავის ფუნქციას უკვე ვეღარ ასრულებდა. ამის გამო სპეციალისტებმა კაცს ექსპერიმენტული მეთოდი შესთავაზეს, რაც ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაციას გულისხმობდა.
ასევე, იხილეთ: ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
მსგავსი პროცედურა მანამდე ცოცხალ ადამიანზე არ იყო ჩატარებული, მაგრამ ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ამგვარი თირკმელი ბიოლოგიურ ფუნქციებს რამდენიმე წელი შეინარჩუნებდა. შესაძლოა, ასეც მომხდარიყო, რომ არა პაციენტის მოულოდნელი სიკვდილი.
ღორის გენების მოდიფიცირებისთვის მეცნიერებმა CRISPR ტექნოლოგია გამოიყენეს. მისი მეშვეობით მათ ადამიანის იმუნურის სისტემის მიერ ასეთი ორგანოს მიუღებლობის რისკი შეამცირეს. ამავდროულად, პაციენტი იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებსაც იღებდა. ტრანსპლანტატი კომპანია eGenesis-ისგან მიიღეს, რომელსაც მსგავსი ორგანო მაიმუნებზე ჰქონდა გამოცდილი. ამ ცხოველებმა პროცედურიდან საშუალოდ 6 თვე იცოცხლეს.
რომ არა ღორის თირკმელი, სლეიმენს, დიდი ალბათობით, დონორის ლოდინი წლობით მოუწევდა. მას ამდენი დრო არ ჰქონდა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და დიალიზზე იყო დამოკიდებული. მისი ოჯახის წევრები ექიმებს მადლობას უხდიან, რომ რიჩარდთან ბოლო რამდენიმე კვირის გატარების შესაძლებლობა მიეცათ. ასევე, ამბობენ, რომ მისმა ისტორიამ სხვა პაციენტებს იმედი ჩაუსახა.
კომენტარები