უარყოფენ თუ არა რელიგიური ადამიანები სამეცნიერო მიგნებებს სხვებზე ხშირად? იქნებ, საკუთრის გარდა, სხვა რელიგიების მიუღებლობის დონე უკეთ პროგნოზირებდეს მეცნიერების უგულებელყოფას?

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ადამიანები, რომლებსაც სხვა რელიგიებისადმი უფრო მძაფრი მიუღებლობა ახასიათებდათ, მეცნიერების მიმართაც უფრო უარყოფითად იქნებოდნენ განწყობილი. ეს იმიტომ, რომ მეცნიერება რწმენის საპირისპირო სისტემად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

კვლევის ავტორებმა რელიგიური ტოლერანტობის შესაფასებლად ადგილობრივად რელიგიური მრავალფეროვნების ხარისხი გამოიყენეს. ივარაუდეს, რომ რელიგიური თვალსაზრისით ერთგვაროვან გარემოში სხვა რელიგიების მიმღებლობაც ნაკლები იქნებოდა.

მათი ნაშრომი გამოცემაში PNAS Nexus გამოქვეყნდა.

///

მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობის მონაცემებმა აჩვენა, რომ 2020 წლის აპრილში, კოვიდპანდემიის პერიოდში, სოციალურ დისტანციას აშშ-ის რელიგიურად მრავალფეროვან შტატებში უფრო მეტად იცავდნენ — ეს იმის მიუხედავადაც კი, თუ ხალხის რამდენი პროცენტი იყო რელიგიური თითოეულ შტატში. მსგავსი კანონზომიერება გამოვლინდა ვაქცინაციისადმი დამოკიდებულების შემთხვევაშიც. ორივე შემთხვევა მეცნიერების ნდობაზე მეტყველებს.

საგულისხმოა ისიც, რომ რელიგიურად უფრო მრავალფეროვან ქვეყნებში უკეთესი შედეგები ჰქონდათ PISA-ს სამეცნიერო სასკოლო ტესტების შევსებისას. ამას გარდა, მსოფლიო ღირებულებების კვლევის (WVS) მიხედვით, რელიგიურად უფრო მრავალფეროვან ქვეყნებში უფრო იშვიათად ამბობდნენ იმას, რომ რელიგია უფრო მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე, ვიდრე მეცნიერება.

გამოკითხვებში აშშ-ის ქრისტიანები, ინდუიზმის მიმდევარი ინდოელები და პაკისტანელი მუსლიმები მონაწილეობდნენ. ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ სხვა რელიგიებისადმი მიუღებლობა ჰქონდათ, მათივე თქმით, მეცნიერებასაც უფრო მეტად უარყოფდნენ.

ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ მეცნიერებაში მორწმუნეები ყოველთვის გვხვდებოდნენ. საქმე ისაა, რომ ასეთი ადამიანები უმეტესად მცირემასშტაბიანი რელიგიების მიმდევრები არიან და სხვა რწმენის მრავალ ადამიანთან აქვთ შეხება.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ადამიანებმა, რომელთაც სხვა რწმენის ხალხთან არ აქვთ შეხება, შესაძლოა, თავიანთი რწმენა ერთადერთ სწორ "რწმენად" აღიქვან, რომელიც ყველა დანარჩენზე აღმატებულია — აღმატებული არამხოლოდ სხვა რელიგიებზე, არამედ მეცნიერებაზეც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.