ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
ჩინეთში მთვარის მაღალი გარჩევადობის გეოლოგიური ატლასი შექმნეს, რომელიც აქამდე არსებულთაგან ყველაზე დეტალურია.
მისი მასშტაბი 1:2.5 მილიონია. იგი დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე არსებულ მრავალ წარმონაქმნს მოიცავს, მათ შორის სხვა სხეულებთან შეჯახების შედეგად ფორმირებულ კრატერებს. ატლასი ორ ენაზეა ხელმისაწვდომი: ჩინურად და ინგლისურად.
"პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს, ეს წრეებია, რომელთაც რგოლების სტრუქტურას ვუწოდებთ. თითოეული მათგანი შეჯახების მოვლენაზე მიანიშნებს, მცირე ზომის რგოლებს კი დარტყმითი კრატერები ჰქვია.
უფრო დიდს დარტყმითი აუზი ეწოდება, რომლის დიამეტრიც 200 კილომეტრს აღემატება. ასაკობრივი ჯგუფები ფერების მიხედვითაა დაყოფილი. მაგალითად, იისფრად ყველაზე ძველი კრატერებია ნაჩვენები", — განაცხადა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე ლიუ ციენჯონგმა.
მეცნიერებმა და კარტოგრაფებმა ატლასზე მუშაობა 2012 წელს დაიწყეს. ამ საქმემ 100-ზე მეტი სპეციალისტი გააერთიანა, რომლებმაც რუკების კრებულის დასრულებას 1 დეკადაზე მეტი დრო მოანდომეს.
საერთო ჯამში, ატლასში 12 341 კრატერს, 81 აუზს, 17 ტიპის ქანებსა და სხვა წარმონაქმნებს ვხვდებით.
ჩინეთმა მთვარის შესასწავლად და მისი რუკის შესადგენად კოსმოსში რამდენიმე ზონდი გაუშვა. მათ შორისაა Chang'e 1 და Chang'e 2. ამ აპარატების შემდეგ იქ უკვე დასაჯდომი მოდულები და მავალები გაგზავნეს როგორც ციური სხეულის შორეულ მხარეს, ისე დედამიწისკენ მობრუნებულ ნახევარსფეროში (Chang'e 3, Chang'e 4). ამ ადგილას მისია Chang'e 5-ის დროს იქ გრუნტის ნიმუშები მოიპოვეს, Chang'e 6-ის განმავლობაში კი იმავეს მთვარის შორეულ მხარეს გაიმეორებენ.
ჩინეთს სურს, მთვარეზე ბაზა 2030-იანი წლებისთვის ააშენოს და ამ დეკადის დასასრულამდე იქ ასტრონავტებიც გაუშვას.
კომენტარები