არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
ბოლო რამდენიმე დღეა, ფეისბუკის მომხმარებლები ერთსა და იმავე ტექსტს ავრცელებენ. პოსტებით ისინი გვაფრთხილებენ, რომ "ხვალიდან" Facebook-ზე ახალი კანონი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც ფეისბუკი "ჩვენს ფოტოებს გამოიყენებს". მომხმარებლები ტექსტის გაზიარებით ცდილობენ, საკუთარი კონფიდენციალურობა დაიცვან და ამის ნებართვა არ გასცენ.
თუ ეს ან ამის ანალოგიური ტექსტი შეგხვდათ და დაეჭვდით, ანდა თქვენც დადეთ პოსტად, გეტყვით, რომ Facebook-ზე არანაირი მსგავსი წესის შემოღება არ იგეგმება. ამ შინაარსის პოსტები ტყუილია და სოციალურ ქსელში მინიმუმ 2012 წლიდან მოყოლებული ვრცელდება პერიოდულად.
წლების განმავლობაში მსგავსი მოწოდებების სიცრუე არაერთხელ გამოააშკარავეს. ამაზე არაერთ გამოცემას დაუწერია. 2012 წელს, როცა ამ თემაზე მცდარი ინფორმაციის გავრცელება დაიწყო, Facebook-მა სპეციალური განცხადებაც გააკეთა:
"ვრცელდება ჭორი, რომ Facebook რაღაცის შეცვლას აპირებს მომხმარებელთა ინფორმაციის ფლობასა და საიტზე დაპოსტილ შიგთავსთან დაკავშირებით. ეს სიცრუეა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც Facebook-ს იყენებს, თავადვე აკონტროლებს თავისივე დაპოსტილ შიგთავსსა და ინფორმაციას, როგორც ჩვენს პირობებშია გაწერილი. ისინი აკონტროლებენ, როგორ გაზიარდება ეს შიგთავსი და ინფორმაცია. ესაა ჩვენი პოლიტიკა და ყოველთვის ეს იყო", — ვკითხულობთ ფეისბუკის არქივში.
ეს მიდგომა სოციალურ ქსელს წლების განმავლობაში არ შეუცვლია.
"კომპანია Facebook უკვე Meta გახდა. კომპანიის სახელი იცვლება, თუმცა იმავე პროდუქტების შემოთავაზებას ვაგრძელებთ, მათ შორის Facebook აპლიკაციისას. ჩვენი მონაცემების პოლიტიკა და მომსახურების პირობები იგივე რჩება, სახელის ცვლილებას კი არ აქვს გავლენა იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ან ვაზიარებთ მონაცემებს", — მომსახურების პირობებში ეწერა 2021 წლის ნოემბერში (კომპანიამ სახელი 2021 წლის 28 ოქტომბერს შეიცვალა).
Meta-ს მხრიდან არც ამის რაიმე გეგმაზეა საუბარი. ამ მასშტაბის ნებისმიერი სიახლე კომპანიის ნიუსრუმში გამოქვეყნდებოდა.
გამოდის, თქვენსავე ფოტოებსა და პირად ინფორმაციას თქვენ ფლობთ და სხვებისთვის მათი ჩვენებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ — ფეისბუკი ამას თავისით ვერ და არ გააკეთებს.
და მაინც, ჩვენს რა მონაცემებზე მიუწვდება ხელი Facebook-ს?
თითქმის ყოველთვის, როცა რომელიმე აპლიკაციაში ან სოციალურ ქსელში რეგისტრირდებით, საკუთარ მონაცემებს თავადვე უზიარებთ მას — სანამ რომელიმე სერვისით სარგებლობას შეძლებდეთ, ჯერ შეთანხმების პირობებსა და კონფიდენციალურობის პირობებს გაჩვენებენ, რომლებსაც უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ (თუ არ დაეთანხმებით, ვერც ისარგებლებთ).
იმის გასაგებად, თუ რაზე მიუწვდება ხელი Meta-ს (კომპანია, რომელსაც Facebook ეკუთვნის), მომსახურების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას უნდა გადავავლოთ თვალი.
პოლიტიკის თანახმად, პლატფორმა შემდეგ მონაცემებს აგროვებს:
- ჩვენ მიერ მიწოდებულ პირად ინფორმაციასა და ფეისბუკზე განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას;
- მეგობრების, ასევე მიმდევრების სიებსა და სხვა კავშირებს;
- აპლიკაციის, ბრაუზერისა და მოწყობილობის ინფორმაციას;
- პარტნიორების, გამყიდველებისა და სხვა მესამე მხარეების ინფორმაციას.
"ზოგიერთ შემთხვევაში მესამე მხარეები ინფორმაციას აერთიანებენ ან ანონიმურს ხდიან ისე, რომ ინდივიდების ამოცნობა შესაძლებელი აღარაა, როცა მონაცემებზე უკვე ხელი მიგვიწვდება", — აცხადებს Meta და გვეუბნება, რომ პროცესში ინდივიდების ხელახლა ამოცნობას არ ცდილობენ.
"ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, რათა მივაწოდოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები. ეს მოიცავს ფუნქციების, შიგთავსისა და რეკომენდაციების პერსონალიზებას, როგორიცაა თქვენი Facebook-ის სიახლეების ზოლი, Instagram-ის სიახლეების ზოლი, სიუჟეტები და რეკლამები. ჩვენ ვიყენებთ განსაკუთრებული მექანიზმებით დაცულ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი სურვილით გვაწვდით ამ მიზნით, მაგრამ არა თქვენთვის რეკლამების საჩვენებლად".
"ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს რეკლამის განმთავსებლებზე და არ ვუზიარებთ რეკლამირებულ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს ვინაობას (მაგ. თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია), თუ არ მოგვცემთ კონკრეტულ ნებართვას".
ცნობილია, რომ მონაცემები შეიძლება სოციალური კვლევებისთვისაც გამოიყენონ ანონიმურობის დაცვით. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოდის, კონკრეტულად ჩვენს პოსტებს, ფოტოებსა და სხვა სახის სენსიტიურ ინფორმაციას ფეისბუკი სხვა ადამიანებს არ უზიარებს — აქცენტი ამ დროს უფრო მეტად მომხმარებლის ქცევაზე კეთდება.
გასათვალისწინებელია, რომ სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველზე მაინც შესაძლებელია, Facebook-მა ჩვენი მონაცემები მესამე პირებს (პოლიციას) გადასცეს. ამ და სხვა საკითხების შესახებ მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ. სხვა მხრივ, Facebook-ის პარამეტრებიდან თავადვე წყვეტთ, ვინ შეძლებს თქვენი ფოტოებისა თუ პოსტების ხილვას.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ შეუძლებელია, საკუთარ პროფილზე რაიმეს დაწერით თქვათ უარი ახალ წესებსა (რომლებიც ამ შემთხვევაში არ არსებობს) თუ პირობებზე — ფეისბუკს ხმას ამ გზით ვერ მიაწვდენთ. თუკი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, უმჯობესია, Meta-ს დახმარების ცენტრს მიმართოთ.
კომენტარები