უკვე ცნობილია, რამ გამოიწვია ყველა დროის უდიდესი კოსმოსური აფეთქება
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით დაადგინეს, რამ გამოიწვია უმძლავრესი კოსმოსური გამა აფეთქება, რომელსაც BOAT ეწოდება. ენერგიული გამოსხივება მეცნიერებმა 2022 წლის 9 ოქტომბერს ხმელეთსა და დედამიწის ორბიტაზე განლაგებული ობსერვატორიებიდან დააფიქსირეს. ამ ნაკადის წყარო ჩვენგან 2.4 მილიარდი წლითაა დაშორებული.
ახალი კვლევის თანახმად, ეს გიგანტური ვარსკვლავის სიკვდილთან ასოცირებულ სუპერნოვას, იგივე ზეახალს, უკავშირდება. მსგავსი მოვლენებისას, წესით, ყველაზე მძიმე ელემენტები წარმოიქმნება, მაგრამ სპეციალისტებმა მათ კვალს ვერ მიაგნეს. ეს მიუთითებს, რომ ზოგიერთი ასეთი აფეთქებისას ოქრო, პლატინა და სხვა ლითონები სულაც არ ფორმირდება, რაც ამ პროცესების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
როდესაც მასიურ ვარსკვლავში წყალბადი იწურება, ის კოლაფსს განიცდის, შემდეგ კი ფეთქდება. შედეგად, ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი წარმოიქმნება. ძლიერ გამა გამოსხივებებს სწორედ ასეთი მოვლენები იწვევს. პირველად მსგავსი სიგნალები 1960-იან წლებში სამხედრო სატელიტებით სრულიად შემთხვევით დააფიქსირეს. მას მერე ჩვენი ტექნოლოგიაც დაიხვეწა, მაგრამ BOAT სხვა აფეთქებებზე სულ მცირე 10-ჯერ უფრო ძლიერია.
"ეს იყო ისეთი მოვლენა, როგორსაც დედამიწიდან ყოველ 10 000 წელში ერთხელ ვხედავთ", — აცხადებენ მეცნიერები.
ის იმდენად კაშკაშა იყო, რომ ასტრონომებს ლოდინი 6 თვე მოუწიათ, სანამ მას მსოფლიოში უმძლავრესი ტელესკოპით დააკვირდებოდნენ. საქმე ისაა, რომ BOAT-ის სინათლე ზეახალის ნებისმიერ კვალს ფარავდა, შესაბამისად მოცდის გარეშე სპეციალისტები ვერაფერს დაადგენდნენ.
აღმოჩნდა, რომ თავად ამ ყველაფრის უკან მდგომი სუპერნოვა საშუალო სიკაშკაშისაა. შესაძლოა, გამა გამოსხივების ინტენსივობა უჩვეულოდ ვიწრო რელატივისტური ნაკადით იყოს განპირობებული, რომელსაც თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი დამუხტული ნაწილაკები ქმნის.
ვების ტელესკოპით სხვა ზეახალი ვარსკვლავების შესწავლასაც აპირებენ, რითაც შეეცდებიან დაადგინონ, რითაა BOAT გამორჩეული.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები