4 რამ, რისი უკეთ შესწავლაც 8 აპრილის მზის სრული დაბნელებისას იგეგმება — შესაძლებლობა მეცნიერებისთვის
მზის სრული დაბნელება დიდი შესაძლებლობაა მეცნიერებისათვის. აი, რატომ
2024 წლის 8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკიდან მზის სრულ დაბნელებაზე დაკვირვებას შეძლებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მეცნიერებისთვის, რადგან მზის სრული დაბნელების დროს შეუფასებლად ღირებული მონაცემების მოგროვებას შეძლებენ. ეს ეხება როგორც მზის ატმოსფეროს შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, ასევე ცხოველებისა თუ მცენარეების ქცევის ცვლილების შესახებ მეტის გაგებასაც.
8 აპრილის მზის სრული დაბნელება მზის 11-წლიანი ციკლის პიკს ემთხვევა, რაც მას, თვალწარმტაცთან ერთად, მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მოვლენად აქცევს.
- რა უნდა ვიცოდეთ 8 აპრილის მზის სრულ დაბნელებაზე — მოკლედ
- რომელ საათზე დაიწყება მზის სრული დაბნელება და სად ვუყუროთ ონლაინ
როგორც NASA-ს წარმომადგენელი, პამ მელროი ამბობს, ეს "საოცარი სამეცნიერო შესაძლებლობაა". კოსმოსური სააგენტოში, რა თქმა უნდა, ამ მოვლენისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ისინი დედამიწის ზედა ატმოსფეროში რაკეტების გაგზავნას გეგმავენ იმისათვის, რომ ჩვენი პლანეტის ატმოსფეროზე მზის დაბნელების გავლენა შეისწავლონ.
თუმცა ეს ერთადერთი კვლევითი მიდგომა როდია, რომლის გამოყენებასაც მეცნიერები აპირებენ მზისა და დედამიწის ატმოსფეროზე, ასევე ცხოველებსა და მცენარეებზე დასაკვირვებლად.
მზის ატმოსფერო
როცა მთვარე ზუსტად მზის წინ ჩაივლის და დედამიწელებისთვის ამ ვარსკვლავის შუქს სრულად დაბლოკავს, მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი, იგივე გვირგვინი, განსხვავებულად გამოჩნდება.
NASA-ს წარმომადგენელი, პამ მელროი ამბობს, რომ "მზის გვირგვინში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც, ჯერჯერობით, ბოლომდე არ გვესმის".
ცნობილია, რომ მზის გვირგვინში ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე მზის ზედაპირზე. მეცნიერები ამ კონტრინტუიციური ფენომენის სრულად გაგებას ცდილობენ. გარდა ამისა, მზის ამოფრქვევები, ენერგიის უეცარი ამოტყორცნები, რომელიც რადიაციას კოსმოსში გამოისვრის, სწორედ რომ გვირგვინზე ხდება. ამ დროს უზარმაზარი პლაზმური წარმონაქმნები წყდება მზის ზედაპირს და კოსმოსში ნაწილდება.
მზის სრული დაბნელების დროს კი მზის გვირგვინის დიდი ნაწილი, სადაც ეს ჩვენთვის ბოლომდე ამოუხსნელი პროცესები ხდება, უფრო მარტივად დაკვირვებადი ხდება. ეს დიდი შესაძლებლობაა მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მზე თავისი 11-წლიანი ციკლის პიკშია. ისინი მზეს სპეციალური ხელსაწყოებით დააკვირდებიან.
"დიდი შანსია, რომ რაღაც გასაოცარი დავინახოთ", — ამბობს მელროი.
დედამიწის ატმოსფერო
მზის სრული დაბნელება დედამიწის ზედა ატმოსფეროს, იგივე იონოსფეროს შესწავლისთვის მნიშვნელოვანი შანსია. მეცნიერებს სურთ, შეისწავლონ მზის დაბნელების გავლენა კომუნიკაციისთვის და ნავიგაციისთვის საჭირო რადიოსიგნალებზე.
"ამ ფენის [იონოსფეროს] დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს GPS-თან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები", — თქვა კელი კორეკმა, დაბნელების პროგრამის მენეჯერმა NASA-ში.
იონოსფერო — ანუ ადგილი, სადაც დედამიწის ატმოსფერო ხვდება კოსმოსს, მზის გავლენის ქვეშ მუდმივადაა, როცა მასში ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები ხვდება. NASA გეგმავს, დაბნელებამდე, ვირჯინიიდან კოსმოსში სამი რაკეტა გაუშვას, იმისათვის რომ მზის სრულ დაბნელებამდე, დაბნელების დროს და მის შემდეგ იონოსფეროში მონაცემები შეაგროვოს და განსხვავებები გამოავლინოს.
დაბნელების მიერ პროვოცირებული მზის შუქის შემცირება – უფრო სწრაფი და ლოკალიზებული, ვიდრე უბრალო მზის ჩასვლა — მკვლევარებს საშუალებას მისცემს, გაიგონ მეტი, თუ როგორ მოქმედებს სინათლე იონოსფეროზე, რათა უკეთ იწინასწარმეტყველონ პოტენციური პრობლემური დარღვევები.
ცხოველთა ქცევა და მცენარეები
მზის დაბნელების დროს ცხოველთა უცნაურ ქცევას ადამიანი ოდითგანვე ამჩნევდა. ჟირაფები უეცრად სირბილს იწყებენ, მამლები ყივიან და ა.შ. მზის შუქის სწრაფი კლების გარდა, ტემპერატურა და ქარი, რომლის მიმართაც ცხოველები მგრძნობიარეები არიან, დაბნელებისას სწრაფად მცირდება.
ენდრიუ ფარნსვორთი, კორნელის უნივერსიტეტის ორნითოლოგიის მკვლევარი, სწავლობს, თუ როგორ მოქმედებს დაბნელება ფრინველებზე. ამას ის ამინდის რადარების გამოყენებით ფრინველების ფრენის სიხშირეზე დაკვირვების გზით აკეთებს.
ბოლო მზის სრული დაბნელების დროს, რომელიც აშშ-დან გამოჩნდა, ანუ 2017 წელს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოვლენის მიმდინარეობისას მფრინავი ფრინველების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.
2017 წლის დაბნელებამ "ხელი შეუშალა" მწერებისა თუ ჩიტების ყოველდღიურ აქტივობას, თუმცა არ გამოუწვევია ცხოველებში ის ქცევები, რომელსაც როგორც წესი, ღამით მიმართავენ (მაგალითად, ღამის მსგავსი მიგრირება არ დაფიქსირებულა და ღამურები არ გამოჩენილან).
ამჯერად, შეიძლება ფრინველების მიგრაცია უფრო მოსალოდნელი იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაბნელება აპრილში იქნება.
გარდა ამისა, მზის უეცარი დაბნელება და შემდეგ გამონათება მცენარეებზე უჩვეულო გავლენას ახდენს. როგორც მეცნიერები ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნავენ, მზის სრული დაბნელების დროს მცენარეში დაფიქსირდა აქტივობა, რომელიც სტრესსა და შოკთანაა ასოცირებული. ეს კი მზის შუქის უეცარი კლებისა და შემდეგ უეცარი "დაბრუნების" გამო. ამ დაბნელებისას მეცნიერები მცენარეებსაც დააკვირდებიან.
ადამიანის ფსიქიკა
"დაბნელებებს განსაკუთრებული უნარი აქვთ, ადამიანებში ჩვენი სამყაროს სილამაზისადმი მოწიწება გამოიწვიონ", — თქვა NASA-ს წარმომადგენელმა, ბილ ნელსონმა.
მეორე მხრივ, დაბნელება ადამიანებში შიშსაც იწვევს. 2017 წლის დაბნელებისას 3 მილიონი ადამიანის მონაცემი შეისწავლეს, რომელიც X-იდან (მაშინდელი Twitter) მოიპოვეს.
ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ პიფის, თქმით, ამ მოვლენისას ადამიანები განსაკუთრებულად წუხდნენ სხვებზე და ხშირად იყენებდნენ ნაცვალსახელს "ჩვენ", "მეს" ნაცვლად.
"რასაც მივაკვლიეთ ისაა, რომ შიშის აღმძვრელი გამოცდილება [როგორიც მზის დაბნელებაა] ადამიანებს ერთმანეთთან გვაკავშირებს [ერთიანობის განცდას ქმნის] და ასევე გვაკავშირებს რაღაც უფრო დიდთან, ვიდრე ჩვენ თვითონ ვართ", — თქვა პოლ პიფმა.
ამჯერად მეცნიერი გეგმავს, შეისწავლოს, რა გავლენა ექნება 8 აპრილის მზის სრულ დაბნელებას საზოგადოებაზე.
აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, დაახლოებით 40 სამეცნიერო პროექტია ცნობილი, რომლის მიზანიც დაბნელებისას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონაცემის შეგროვებაა.
უნდა აღინიშნოს, რომ მზის დაბნელება ადამიანზე პირდაპირ ფიზიკურ გავლენას არ ახდენს. ადამიანთა დიდი ნაწილი, უძველესი დროიდან მოყოლებული, ამ მოვლენას შიშით უყურებს, რაც საზოგადოებაში მღელვარებას, კონკრეტულ ადამიანებში კი შფოთვას იწვევს. თუმცა ეს ჩვენი აღქმების და დამოკიდებულებების საკითხია და არა მზის დაბნელების პირდაპირი გავლენის.
კომენტარები