რომელ საათზე დაიწყება მზის სრული დაბნელება და სად ვუყუროთ ონლაინ
8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება. იგი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკიდან გამოჩნდება და საქართველოდან ვერ დავინახავთ, თუმცა მოვლენის ყურება ონლაინ მაინც შეგვეძლება.
ასევე იხილეთ: რა უნდა ვიცოდეთ 8 აპრილის მზის სრულ დაბნელებაზე — მოკლედ
მზის სრული დაბნელება, უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ მექსიკიდან, აშშ-ის 15 შტატიდან და სამხრეთაღმოსავლეთ კანადიდან გამოჩნდება. ათწლეულებია, რაც მოვლენას ამ მასშტაბის ურბანული ტერიტორია არ დაუფარავს — იგი ჯამში 185-კილომეტრიან მონაკვეთზე გაივლის. მზის სრულ დაბნელებას დაახლოებით 32 მილიონი ადამიანი იხილავს.
TimeandDate-ის მიხედვით, მოვლენა საქართველოს დროით 19:42-ზე დაიწყება, თუმცა დასახლებული ადგილებიდან იგი მაშინვე არ გამოჩნდება. მთვარე მზეს სრულად 22:17-ზე დაფარავს, მოვლენას კი სხვადასხვა ადგილიდან საშუალოდ 2-4 წუთის განმავლობაში დაინახავენ. დაბნელება 9 აპრილს, 00:52-ზე დასრულდება.
შეგიძლიათ, მზის სრულ დაბნელებას აქვე უყუროთ NASA-ს პირდაპირი ეთერიდან, რომელიც 8 აპრილს, საღამოს, დაიწყება:
დაბნელების ხილვა ასევე შესაძლებელია საიტიდან TimeandDate, ამ ბმულზე.
აშშ-ში მოვლენას არაერთი ქალაქიდან ადევნებენ თვალს, მათ შორის: დალასიდან, ინდიანაპოლისიდან, კლივლენდიდან, ბუფალოდან და სხვ. ყველაზე დიდი ხნით მზის დაბნელებას მექსიკაში, ტორეონიდან, დაინახავენ — მოვლენა აქ 4 წუთსა და 28 წამს გაგრძელდება.
აშშ-ში მსგავსი მზის დაბნელება ბოლოს 2017 წელს მოხდა, წლევანდელი შემთხვევის შემდეგ კი იგი 2044 წლამდე აღარაა მოსალოდნელი. იშვიათია ისიც, რომ 8 აპრილის მზის დაბნელება ბევრი დასახლებული პუნქტიდან იქნება ხილვადი.
ცნობისთვის, მზის დაბნელება თითქმის ყოველ 18 თვეში ერთხელ ხდება. საქართველოში ნაწილობრივ დაბნელებას 2027 წლის 2 აგვისტოს ვიხილავთ.
კომენტარები