ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
ილონ მასკის ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) კომპანია Neuralink ახალ პაციენტებზე ფიქრობს. გავრცელებული ინფორმაციით, განაცხადის შევსება კანადელებს შეეძლებათ.
ჩვენ რამდენიმე დღის წინ უკვე ვნახეთ, რისი გაკეთება შეუძლია კაცს, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჩაუდგეს.
მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა პირდაპირი ტრანსლაცია, რომელშიც Neuralink-ის წარმომადგენელი პარალიზებულ პაციენტთან ერთად ჩანდა. 29 წლის კაცი, ნოლანდ არბო, რომელსაც ტვინში იმპლანტი ჩაუნერგეს, ლეპტოპში ჭადრაკს თამაშობს, თუმცა ამისთვის ხელებს სულაც არ იყენებს. კურსორს ის "ტელეპათიურად" ამოძრავებს, რაც სწორედ ჩიპის დამსახურებაა.
ნოლანდს პარაპლეგია, ანუ კიდურების დამბლა, დაივინგის დროს მიღებული დაზიანების გამო განუვითარდა და ახლა ის Neuralink-ის პირველი პაციენტია.
რაც შეეხება შემდეგ პაციენტებს და კონკრეტულად კანადას, ისინი სრულწლოვნები უნდა იყვნენ და აწუხებდეთ ჯანმრთელობის პრობლემები. ესენია: პარაპლეგია, კვადრიპლეგია, მხედველობის დაქვეითება, სმენის პრობლემები ან კიდურების ამპუტაცია.
Neuralink-მა ადრეც განაცხადა, რომ მის პაციენტებს ტვინის იმპლანტით კომპიუტერებისა და სმარტფონების კონტროლი მხოლოდ გაფიქრებით შეეძლებათ.
რამდენიმე დღის წინ ისიც ვნახეთ Neuralink-ის პირველი პაციენტი Mario Kart-ს "ტელეპათიურად" როგორ თამაშობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ნოლანდის გარდა აშშ-ში კიდევ ხუთი პაციენტი ჰყავს. როგორც ჩანს, ახლა კანადელების ჯერიც დადგა.
კომენტარები