რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებაა, სადაც კურსდამთავრებულებს აკადემიური ხარისხი ენიჭებათ. ბევრი უნივერსიტეტი თავს დიდი ისტორიითა და ტრადიციით იწონებს, მაგრამ რომელი მათგანია ყველაზე ძველი?
უნივერსიტეტი, ისეთი როგორიც ახლა ეს ჩვენ გვესმის, ძირითადად შუა საუკუნეებში განვითარდა. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ეს ასეა. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი ისლამურ სამყაროს ჰქონდა, საიდანაც ძველი მოაზროვნეების შემონახული ტექსტები ითარგმნა.
იმისთვის, რომ დაწესებულებას უნივერსიტეტი ვუწოდოთ იქ გარკვეული დროით უნდა იყვნენ ოსტატები, რომლებიც ასწავლიან და სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ.
კლასიკური გაგებით პირველი უნივერსიტეტები, იმ დროს ცნობილი როგორც Universitates, ძირითადად ევროპაში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ აკადემიური ხარისხის გაცემა არ იყო მიღებული აზიისა და აფრიკის უძველეს სასწავლო დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, უმაღლესი სასწავლებლები გაცილებით ადრეც არსებობდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, ეგვიპტე და ინდოეთი.
აღსანიშნავია აკადემიაც, სასწავლებელი, რომელიც პლატონის მიერ დაფუძნებული ფილოსოფიის სკოლიდან მომდინარეობდა. ის ათენში, დაახლოებით ძვ. წ. 385 წელს დაარსდა.
ევროპამდე რამდენიმე საუკუნით ადრე აზიაშიც იყო სასწავლო დაწესებულებები. ძველ ჩინეთში სახელმწიფო სამსახურისთვის მოხელეები შესარჩევ გამოცდებს აბარებდნენ იმპერიული საგამოცდო და განათლების სისტემის სტანდარტების მიხედვით. ეს ჰანის დინასტიის დროს ძვ. წ. 206 წელს ხდებოდა.
შუა საუკუნეების ევროპის პირველი უნივერსიტეტი მანგანის სასწავლებელი იყო. ის 849 წელს კონსტანტინოპოლში დაფუძნდა.
"არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გვეტყვის თუ რომელი უნივერსიტეტია უძველესი", — თქვა ისტორიკოსმა კეი სტივენსონმა.
და მაინც, თუ ვსაუბრობთ კლასიკური გაგებით უნივერსიტეტზე, იმაზე, რომელიც ახლაც არსებობს, დროში წინ უნდა წავიწიოთ.
კონსტანტინოპოლს მოჰყვა ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტები. ეს ორი დაწესებულა სახეცვლილად, მაგრამ დღესაც არსებობს.
ინგლისურენოვანი უძველესი უნივერსიტეტი
დღეს არსებული სასწავლო დაწესებულებებიდან სამი უნივერსიტეტია, რომელსაც "უძველესი უნივერსიტეტის" წოდებაზე აქვს პრეტენზია. აქედან ერთი ინგლისშია და არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ ეს ოქსფორდის უნივერსიტეტია.
ითვლება, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი 1096 წელს დაარსდა, მაგრამ. . .
"ოქსფორდში შეიძლება მართლაც არის ინგლისის უძველესი უნივერსიტეტი, მაგრამ ევროპაში მასზე ძველი სასწავლო დაწესებულებებიც გვაქვს", — თქვა სტივენსონმა.
სტივენსონის თქმით, წყაროების მიხედვით, უფრო სარწმუნოა, რომ ოქსფორდი, როგორც სასწავლებელი, უფრო ასიანი წლების ბოლოსკენ ჩამოყალიბდა, ვიდრე 1096 წელს. მეტიც, ეს იყო შედარებით მცირე მასშტაბების სასწავლებელი. ოქსფორდი, როგორც უნივერსიტეტი ოფიციალურად მხოლოდ 1231 წელს აღიარეს.
პარიზი და ბოლონია
როგორც უკვე ვახსენეთ, ოქსფორდის რეალური კონკურენტები პარიზი და ბოლონიაა.
პარიზისთვის სიტუაცია ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ოქსფორდის შემთხვევაში. ოქსფორდის მსგავსად, პარიზი უნივერსიტეტად ოფიციალურად აღიარებამდე (1200 წელი) დიდი ხნით ადრე არსებობდა.
"როდესაც ფილიპ ავგუსტუსმა აკადემიურ დაწესებულებას ოფიციალური წოდება მიანიჭა, იქ სწავლება უკვე მიმდინარეობდა", — ამბობდა ისტორიკოსი ჯორჯ ჩარლზ ბროდრიკი, ჯერ კიდევ 1886 წელს.
თუმცა, პარიზისთვის სამწუხაროდ, არის მცირე ტექნიკური პრობლემა. ოფიციალურად ეს ის უნივერსიტეტი აღარ არის. რატომ? საფრანგეთის რევოლუციის დროს, მეფესთან კავშირის გამო, უნივერსიტეტი დაიხურა და გადაკეთდა. მისი გამგრძელებელი ახლაც სახეზეა, მაგრამ ოფიციალურად ეს იგივე უნივერსიტეტი მაინც აღარ გამოდის.
ესე იგი, ბოლონია?
ბოლონიის უნივერსიტეტის ვებსაიტზე წერია, რომ ის 1088 წელს დაარსდა. თუმცა, ისევე, როგორც ოქსფორდსა და პარიზში, დაარსების ეს სავარაუდო წელი თითქმის ფიქციაა.
"1888 წელს 800 წლის იუბილეს აღნიშვნა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს იყო შეთანხმება და არა რაიმე მტკიცებულებიდან ამოსვლა", — აღნიშნა ისტორიკოსმა დევიდ ლაინსმა.
თუმცა, ბოლონიის უნივერსიტეტის პრეტენზია მთლად უსაფუძვლო არაა.
"ჩვენ ვიცით, რომ მე-11 საუკუნის მეორე ნახევრისთვის იქ საეკლესიო სკოლა იყო. აქ ასწავლიდნენ ისეთ საგნებს, როგორიცაა ხელოვნება და თეოლოგია. ასევე არსებობდა სამართლის სკოლა და სტუდენტები ოსტატების გასაცნობად მთელი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ“, — განმარტავს ლაინსი.
ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ბოლონიის სტუდენტებისა და მასწავლებლების ურთიერთობას ასახავს 1158 წელსაა გამოცემული. შესაბამისად, ამით ბოლონია ოქსფორდსა და პარიზზე წინ დგას.
და მაინც, დღეს არსებულ უნივერსიტეტებიდან კიდევ რამდენიმეა, რომელიც "უძველესის სტატუსზე" პრეტენზიას აცხადებს.
მაგალითად, იუნესკოს მონაცემებით, მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი არის არა ბოლონია, არამედ ალ-კარავიინი. ის ბოლონიის უნივერსიტეტზე ორი საუკუნით ადრე დაარსდა, მაგრამ აქაც არის პრობლემა — თავიდან ეს არ იყო უნივერსიტეტი, არამედ ალ-კარავიინი მეჩეთი გახლდათ.
ალ-კარავიინი ისლამის ოქროს ხანის ერთ-ერთი წამყვანი სულიერი და საგანმანათლებლო ცენტრი გახლდათ და ის დღეს მაროკოში, ქალაქ ფეზშია. ითვლება, რომ მეჩეთი კომპლექსურ სასწავლებლად მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში გადაიქცა.
როგორც ხედავთ, პასუხი იმაზე თუ რომელია დღეს არსებული უნივერსიტეტებიდან უძველესი, არც ისე მარტივია. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო რელატივისტურია და როგორც ჩანს, ამ სტატიაში წამოჭრილ საკითხზე პასუხიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხიდან შევხედავთ მას.
კომენტარები