ესმით თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობა? — კვლევა
ძაღლების პატრონებმა კარგად იციან, რომ მათი ოთხფეხა მეგობრები ზოგიერთი არსებითი სახელის გაგონებაზე რეაგირებენ. საინტერესოა, ეს უბრალოდ დასწავლილი ასოციაციებია, თუ მათ მსგავსი სიტყვების მნიშვნელობა მართლაც ესმით?
ამის გასაგებად მეცნიერებმა მცირემასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც არაინვაზიური ელექტროენცეფალოგრაფიის მეთოდის გამოყენებით ცხოველთა ტვინის აქტივობას დააკვირდნენ. მათ სურდათ დაედგინათ, რა პროცესები მიმდინარეობს ამ არსებების ტვინში მაშინ, როცა სხვადასხვა ნაცნობი სიტყვა ესმით.
კვლევაში 18-მა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა. პატრონები მათ ამა თუ იმ სათამაშოს სახელს ეუბნებოდნენ და პარალელურად ან იმავე სათამაშოს აჩვენებდნენ, ან სულ სხვა ობიექტს. აღმოჩნდა, რომ ტვინის აქტივობა ორივე შემთხვევაში განსხვავებული იყო.
მაგალითად, როცა სიტყვა სათამაშოს არ შეესაბამებოდა, წარმოიქმნებოდა სიგნალი, რომელსაც "N400 ეფექტი" ეწოდება. ადამიანებში ის მაშინ იჩენს თავს, როცა გვესმის ან ვკითხულობთ სიტყვას, რომელიც მისი შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ მიერ წარმოდგენილ ობიექტს არ ემთხვევა.
ძაღლებში იმავე სიგნალის დაფიქსირება ნიშნავს, რომ კონკრეტულ ნივთთან დაკავშირებული მახსოვრობა მათშიც აქტიურდება, როცა მისი დასახელება ესმით.
"ძაღლები უბრალოდ კონკრეტული სიტყვების შესაბამის სპეციფიკურ ქცევებს კი არ სწავლობენ, არამედ შესაძლოა, მათი მნიშვნელობა ისე ესმოდეთ, როგორც ადამიანებს", — აცხადებენ ავტორები.
უნდა ითქვას, რომ კვლევაში მონაწილე ძაღლებში ზემოხსენებული უნარი "დასწავლილი" სიტყვების რაოდენობაზე არ ყოფილა დამოკიდებული, ანუ აქტიური წვრთნის შედეგი არაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების "გონებაში" სიტყვების შესაბამისი რეპრეზენტაციები ამ ფაქტორის მიუხედავად ჩნდება.
რა თქმა უნდა, ისინი სიტყვებს ჩვენსავით სემანტიკურად არ ამუშავებენ. მაგალითად, ბავშვები სიტყვებს კატეგორიებად ყოფენ და ძაღლებივით ობიექტების მიხედვით არ იმახსოვრებენ. მსგავსი კატეგორიზება ამ ცხოველებში არ გამოვლენილა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები