მათემატიკურ მუდმივა π-ში მძიმის შემდეგ 105 ტრილიონი ციფრი გამოიანგარიშეს. აქამდე ეს მაჩვენებელი 100 ტრილიონს შეადგენდა.

მსოფლიო რეკორდი მონაცემების შენახვაზე მომუშავე კომპანია Solidigm-მა დაამყარა. ეს დაახლოებით ისეთივე გამოთვლით ძალას საჭიროებს, რამდენიც ასიათასობით სმარტფონს თუ ექნება ერთად.

π (პი) მუდმივი რიცხვია, რომელიც წრეწირის სიგრძის მის დიამეტრზე გაყოფისას მიიღება. იგი დაახლოებით 3,14-ს უდრის, თუმცა, რეალურად, ამ ათწილადში მძიმის შემდეგ ციფრები უსასრულოდ გრძელდება (3,141592653...).

მათემატიკაში ამ ციფრების გამოთვლა არც ისე გამოსადეგია, რადგან, როგორც წესი, პრაქტიკაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ციფრია ხოლმე საჭირო. მაგალითისთვის, NASA-ს მეცნიერებმა π-ს მხოლოდ 16 ციფრი უნდა იცოდნენ, რომ საჭირო სიზუსტეს მიაღწიონ.

მაქსიმალურად ბევრი ციფრის გამოთვლა, რეალურად, ახალი კომპიუტერული პროგრამებისა და მონაცემთა შესანახი სისტემების გამოცდას ემსახურება.

დეტალები

კომპანია Solidigm-მა 14 მარტს (ამ დღეს ყოველწლიურად პის დღე აღინიშნება) გვამცნო, რომ მძიმის შემდეგ დაახლოებით 105 ტრილიონი ციფრი გამოთვალა.

გამოანგარიშებას დაახლოებით 75 დღე დასჭირდა. ამისათვის კომპანიის მიერვე დაპატენტებული 36 მყარსხეულიანი დისკი (SSD) გამოიყენეს. საერთო ჯამში, დისკებმა ერთი პეტაბაიტი (მილიონი გიგაბაიტი) მონაცემები დაიტია.

ციფრების გამოსაანგარიშებლად საჭიროა პროცესორებიც. მათ საკმაოდ ძლიერი კომპონენტები უნდა ჰქონდეს, რათა გამოთვლების შესასრულებლად საჭირო დრო შემცირდეს. და მაინც, სანდო და დიდი მოცულობის მეხსიერება ბევრად მნიშვნელოვანია, რათა პროცესში ამ რაოდენობის მონაცემის შენახვა მოხერხდეს.

ბრაიან ბილერის, Solidigm-ის მფლობელის, განცხადებით, ეს მარტივი მისაღწევი სულაც არ ყოფილა და პროცესი "საგულდაგულო დაგეგმვას, ოპტიმიზაციასა და აღსრულებას" მოიცავდა.

2023 წლის აპრილში Solidigm 100 ტრილიონ ციფრამდე ავიდა — იმ მაჩვენებლამდე, რომელსაც 2022 წელს Google Cloud-მა მიაღწია. 2021 წელს დამყარებული რეკორდი 62.8 ტრილიონი ციფრი იყო. მანამდე, 2020 წელს, ეს მაჩვენებელი 50 ტრილიონს შეადგენდა.

რაც უფრო ძლიერი კომპიუტერები გვექნება სამომავლოდ, თანდათან პის მით უფრო მეტი ციფრის გამოთვლას შევძლებთ. ცხადია, რამდენი რეკორდიც არ უნდა დამყარდეს, მისი უსასრულო ბუნების გამო რიცხვს ბოლომდე ვერასდროს გამოვთვლით.

დაბოლოს, თუ გაინტერესებთ, π-ს ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი ციფრი 6-ია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.