Google Cloud-მა რეკორდი დაამყარა — π-ის მნიშვნელობა 100 ტრილიონ ციფრამდე გამოთვალეს
ახლახან Google Cloud-მა რეკორდი დაამყარა და მათემატიკური მუდმივა პის (π) მნიშვნელობა 100 ტრილიონ ციფრამდე გამოთვალა. π რიცხვია, რომელიც წრეწირის სიგრძის მის დიამეტრზე გაყოფისას მიიღება. იგი დაახლოებით 3,14-ს უდრის, თუმცა, რეალურად, ამ ათწილადში მძიმის შემდეგ ციფრები უსასრულოდ გრძელდება (3,141592653...).
პროგრამას, რომელმაც პის 100 ტრილიონი ციფრი გამოთვალა, y-cruncher v0.7.8 ეწოდება და ჩუდნოვსკის ალგორითმს იყენებს. გამოთვლა 2021 წლის 14 ოქტომბერს დაიწყო და 2022 წლის 21 მარტს დასრულდა — უფრო კონკრეტულად, ამას 157 დღე, 23 საათი, 31 წუთი და 7.651 წამი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ციფრთა ეს უზარმაზარი სიმრავლე 515 ტერაბაიტ მეხსიერებას იკავებს.
როგორც Google Cloud-ის პრესრელიზში ვკითხულობთ, ამის გაკეთება Compute Engine ტექნოლოგიის საშუალებით მოხერხდა. იგი Google Cloud-ის დაცული და მორგებადი გამოთვლითი სერვისია, რომელსაც გაუმჯობესების მიზნით ახლახან არაერთი ელემენტი დაემატა.
ჯერ კიდევ შარშან, 2021 წელს, დამყარებული წინა რეკორდი 62.8 ტრილიონ ციფრს შეადგენდა. საგულისხმოა, რომ გამოთვლის საქმეში 2019 წლის შემდეგ (31.4 ტრილიონი ციფრი) ეს Google Cloud-ის მეორე რეკორდია, გამოთვლილი ციფრების რაოდენობა კი სულ რაღაც სამი წლის განმავლობაში გასამმაგდა.
კომენტარები