შესაძლოა, მარსზე წყალს იმაზე მცირე ხანს ეარსება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით
მარსი ყოველთვის ასეთი მშრალი და "უსიცოცხლო" არ ყოფილა, როგორიც ახლაა, რადგან ძველად იქ მდინარეები და ტბები იყო. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, წითელ პლანეტაზე თხევადი წყლის ასეთ ბუნებრივ რეზერვუარებს იმაზე მცირე ხნით ეარსება, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
ამაზე NASA-ს ზონდის Mars Reconnaissance Orbiter (MRO) მონაცემები მიანიშნებს. კერძოდ, მისი მეშვეობით მეცნიერები მარსის ხრამებს დააკვირდნენ, რომელთა წარმოქმნასაც სწორედ წყლის დინებასთან აკავშირებდნენ. ავტორთა ჰიპოთეზის თანახმად კი არაა გამორიცხული, ისინი ყინულოვანი ნახშირორჟანგის აქტიურად აორთქლების შედეგად გაჩენილიყო.
"ამას გავლენა აქვს, ზოგადად, მარსზე წყლის არსებობის შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე და, შესაბამისად, იქ მიკროსკოპული სიცოცხლის ძიებაზე", — აცხადებენ სპეციალისტები, რომელთა თქმითაც, ახალი კვლევის შედეგები ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე სიცოცხლის კვალის მიგნების შანსს ამცირებს.
მარსის ატმოსფეროს 95% სწორედ ნახშირორჟანგისგან შედგება. ზამთარში ამ პლანეტაზე ტემპერატურა -120 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, რაც CO2-ს გასაყინად საკმარისია, თანაც ისე, რომ მან აირადიდან თხევად ფაზაში გადასვლის ეტაპი გამოტოვოს. გაზაფხულზე, შედარებით თბილ პირობებში, ეს ნაერთი შესაძლოა, ყინულიდან პირდაპირ ისევ აირად იქცეს, რასაც სუბლიმაცია ეწოდება.
მარსზე არსებული დაბალი წნევის გამო ეს პროცესი იქ საკმაოდ ენერგიულია. აირის წნევა წითელი პლანეტის გრუნტის შემადგენელ მარცვლებს ერთმანეთს აშორებს და ეს მატერია ისე იწყებს გადაადგილებას, როგორც დედამიწის მთიან არეალებში ხდება. შედეგად შესაძლებელია, ლანდშაფტი შეიცვალოს მაშინაც კი, როცა ციურ სხეულზე წყალი არაა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ეს ჰიპოთეზა ლაბორატორიული ექსპერიმენტის დახმარებით გამოცადეს, რომელშიც მარსის პირობები იყო სიმულირებული. ისინი ამ გარემოში ნახშირორჟანგის სუბლიმაციას პირდაპირ დააკვირდნენ და ეს პროცესი გააანალიზეს, რის შემდეგაც ზემოხსენებული დასკვნა გამოიტანეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები