მეცნიერებმა "აზიური რქაეულის" გენომი გაშიფრეს — საოლას გადარჩენის შანსები იზრდება
"აზიური რქაეული" ბოლოს ცოცხალი 12 წლის წინათ იხილეს.

ფოტო: Toon Fey/WWF
მეცნიერებმა ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველის, "აზიური რქაეულის" გენომი გაშიფრეს. ეს ცხოველი ათწლეულებზე მეტია არავის უნახავს, მაგრამ უახლესი გენეტიკური ანალიზი იმედის ახალ ნაპერწკალს ბადებს, რომ შესაძლოა, ეს სახეობა გადაშენებისგან გადავარჩინოთ. რა თქმა უნდა, თუ უკვე არ დაგვიანდა.
საოლა (Pseudoryx nghetinhensis) არის ძროხისებრთა ოჯახის წყვილჩლიქოსანი ცხოველი, რომელიც ვიეტნამისა და ლაოსის მთიან ტყეებში ბინადრობს. მას ახასიათებს გრძელი, სწორი რქები და გამორჩეული თეთრი ლაქები სახეზე.
სახელი "აზიური რქაეული" მას მეცნიერებმა უნიკალური რქებისა და თითქმის ზღაპრული რქაეულის მსგავსი იშვიათობის გამო შეარქვეს. ის პირველად მხოლოდ 1993 წელს აღწერეს და დღემდე არასდროს უნახავთ ცოცხალი იმდენი ხნით, რომ მის ქცევაზე დაკვირვება ყოფილიყო შესაძლებელი. ადგილობრივებმა რამდენიმეჯერ შეძლეს მისი დაჭერა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა მათგანი თვეებში მოკვდა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) საოლას კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფ სახეობად მიიჩნევს. მთელ მსოფლიოში სულ მხოლოდ 50-დან რამდენიმე ასეულ საოლამდე შეიძლება ბინადრობდეს. იგი უკანასკნელად 2013 წელს დაფიქსირდა კამერით, რამაც შიში გააჩინა, რომ შესაძლოა ცხოველი უკვე გადაშენდა.
საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა კანის, თმის, ძვლისა და სხვა ქსოვილების ნიმუშების გამოყენებით პირველად გაშიფრა საოლას გენომი. შეიქმნა როგორც საცნობარო გენომი, ასევე 26 ინდივიდის გენეტიკური თანმიმდევრობა. ამ მონაცემებით შესაძლებელი გახდა საოლას ისტორიის აღდგენა და მისი გადარჩენის შანსების გაზრდაზე გარკვეული იმედების გაჩენა.
ცუდი ამბავი ისაა, რომ საოლას გენეტიკური მრავალფეროვნება ბოლო გამყინვარების პერიოდიდან მოყოლებული კლებულობს. მეცნიერების შეფასებით, ბოლო 10 ათასი წლის განმავლობაში, ერთდროულად 5 ათასზე მეტი საოლა არ არსებულა.
მაგრამ კარგი ისაა, რომ არსებობს ორი გენეტიკურად განსხვავებული პოპულაცია — ჩრდილოეთისა და სამხრეთის. მართალია, ორივე ჯგუფში გენეტიკური მრავალფეროვნება შემცირდა, მაგრამ სხვადასხვა გენური სეგმენტები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, რაც შესაძლოა გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოჩნდეს.
"ძალიან გაგვიკვირდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ საოლა ორ ცალკეულ გენეტიკურ პოპულაციად იყოფა. ეს განშტოება დაახლოებით 5-20 ათასი წლის წინ მოხდა. ერთ პოპულაციაში დაკარგული გენეტიკური ცვლილებები მეორეშია დარჩენილი. თუ ამ ორ პოპულაციას შევურევთ, მათ შეუძლიათ ერთმანეთი დააბალანსონ", — ამბობს გენის გარსია ერილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბიოლოგი.
ორ გენეტიკურ ჯგუფზე დაფუძნებულმა აღმოჩენამ გამრავლების პროგრამის შექმნის მიმართ იმედი გააჩინა. კვლევაში ჩატარებულმა მოდელირებებმა აჩვენა, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს გადარჩენის საუკეთესო შანსი.
"თუ შევძლებთ ერთობლივად მოვაგროვოთ მინიმუმ ათეული საოლა, იდეალურ შემთხვევაში ორივე პოპულაციიდან და ამით დავიწყოთ მომავალი პოპულაციის ჩამოყალიბება, ჩვენი მოდელები აჩვენებს, რომ სახეობას ექნება გრძელვადიანი გადარჩენის შანსი", — ამბობს ბიოლოგი რასმუს ჰელერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან.
რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვიპოვით თუ არა საკმარის ცოცხალ ინდივიდს, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე 12 წელია ერთი ცოცხალი საოლაც კი არავის უნახავს. თუმცა ახალი გენეტიკური ანალიზი შესაძლოა ამ ძიებაში დაგვეხმაროს.
კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Cell.
კომენტარები