კვლევამ აჩვენა, რომ აზიური სპილოები მკვდარ სპლიყვებს მარხავენ და "გლოვობენ"
დაღუპულის დამარხვა ადამიანის ერთგვარი მახასიათებელია. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები თავიანთ დაღუპულებს ოდითგანვე მარხავდნენ. და აი ახლა, ახალი კვლევის მიხედვით, სპლიყვებს სპილოებიც მარხავენ. რაც ასევე საინტერესოა, სპილოები დამარხულ სპლიყვებს "გლოვობდნენ" კიდევაც.
სპილოებში მსგავსი ქცევა ადრეც დაუფიქსირებიათ, თუმცა ამჯერად მკვლევრებმა კიდევ უფრო წინ წაიწიეს.
მკვლევრები სპილოების მსგავს ქცევას ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ სპლიყვის დამარხვის 5 განსხვავებული შემთხვევა დააფიქსირეს. კვლევის ფარგლებში ეს ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი ფოტოებისა და საველე ჩანაწერების საშუალებით. მკვლევრებს ასევე აინტერესებდათ, თუ რა იყო სპლიყვების სიკვდილის მიზეზი და დააკვირდნენ იმას, იმოქმედებდა თუ არა ეს დამარხვის პროცესზე.
"ჩვენ ვნახეთ, რომ სპლიყვებს ერთნაირად მარხავდნენ და ეს მიუხედავად სიკვდილის მიზეზისა", — აღნიშნულია კვლევაში.
სიკვდილის შემდეგ სპილოები სპლიყვებს ადგილზე არ ტოვებდნენ. ისინი მკვდარ სპლიყვს თან მანამ ატარებდნენ, სანამ დასამარხად "შესაბამის" ადგილს არ იპოვიდნენ. ეს ადგილები კი იყო სარწყავი არხები და ჩაის ბუჩქები.
მკვლევრების თქმით, სპილოები ამას ჯგუფურად აკეთებდნენ.
ჩაის მამულებზე მომუშავე ადამიანების თანახმად, ერთ შემთხვევაში, სპილოები სამარხის ირგვლივ იდგნენ და საყვირის მსგავს ხმებს გამოსცემდნენ.
მომსწრეების თქმით, ეს ადამიანის დაკრძალვას ჰგავდა.
ასევე საინტერესოა, რომ სპილოები ტერიტორიას სპლიყვის დამარხვიდან 40 წუთში ტოვებდნენ.
მკვლევრებს აინტერესებდათ, დაბრუნდებოდნენ თუ არა სპილოები სამარხებთან. დაკვირვებამ აჩვენა, რომ სპილოები ადგილზე აღარ ბრუნდებოდნენ. მეტიც, ისინი ამას შეგნებულად ერიდებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში გზასაც იგრძელებდნენ.
მეცნიერებს სურთ გაიგონ, თუ რატომ იქცევიან სპილოები ასე. მათი თქმით, ამისთვის შემდეგი კვლევები იქნება საჭირო.
კვლევა ჟურნალ Journal of Threathened Taxa-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები