შეიმუშავეს ტექნიკა, რომლითაც ძველი ელექტრომოწყობილობებიდან ოქროს ამოღებაა შესაძლებელი
მეთოდი საკმაოდ იაფი და ეკომეგობრულია.
მკვლევრებმა ეკომეგობრული მეთოდი შეიმუშავეს, რომლითაც ელექტრონული ნარჩენებიდან ძვირფასი მეტალის ამოღებაა შესაძლებელი. ნაშრომი ჟურნალში Advanced Materials გამოქვეყნდა.
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძველი ელექტრონიკიდან ოქროს ამოსაღებად ცილის ფიბრილების ღრუბელი შეიძლება გამოვიყენოთ. ეს მასალა ცილით მდიდარი თანაპროდუქტებისგან მიიღება, რომლებიც ყველის დამზადებისას წარმოიქმნება.
გუნდმა შეძლო და ამ მეთოდით კომპიუტერის სულ რაღაც 20 დედაპლატიდან 450-მილიგრამი 22-კარატიანი ოქრო ამოიღო. მასშტაბურად გამოყენების შემთხვევაში ტექნიკა საკმაოდ მოგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
///
მკვლევრებმა მაღალი ტემპერატურისა და მჟავიანობის პირობებში რძის შრატის ცილების დენატურაცია მოახდინეს, რათა ცილის ნანოფიბრილების ერთგვარი ნარევი შეექმნათ. ეს გელი შემდეგ გააშრეს და ერთგვარი ღრუბელი დაამზადეს.
მათ 20 დედაპლატის მეტალური ნაწილები დაშალეს და აბაზანაში დააიონეს, შემდეგ კი ხსნარში ღრუბელი მოათავსეს, რათა ოქროს იონები მოეგროვებინათ.
ღრუბლის გაცხელებით გუნდმა შეგროვილი იონები ერთგვარ ფანტელებად აქცია, აქედან კი შემდგომში ოქროს პატარა, 450-მილიგრამიანი, ნაჭერი გამოადნო. ნატეხის 91% ოქრო იყო, დანარჩენი 9% კი — სპილენძი. აშშ-ში არსებული ამჟამინდელი ფასით, ეს დაახლოებით $33 ღირებულების ოქრო გამოდის.
პროცესში დახარჯული ენერგია ბევრად ცოტაა, ვიდრე მიღებული ოქროს ფასი — მკვლევრების თქმით, თითო დოლარის დახარჯვით ასე $50-ის შოვნაა შესაძლებელი. შესაბამისად, მასშტაბის გაზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, ტექნიკამ საკმაო ფინანსური სარგებელი მოიტანოს.
ამჯერად მკვლევრებს იდეის დახვეწა სურთ, რათა მისი ბაზარზე გამოტანა გახდეს შესაძლებელი და მოხერხდეს, რომ ღრუბლები ცილით მდიდარი სხვა თანაპროდუქტებითაც დავამზადოთ
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, მყარი ნარჩენებიდან ელექტრონული ნარჩენები ყველაზე სწრაფად მრავლდება, რადგან ხალხი მილიონობით ელექტრომოწყობილობას ყრის. არასწორი გადამუშავების შემთხვევაში ეს ნარჩენები გარემოსთვის სახიფათოა, ხოლო ადამიანებისთვის მომწამვლელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
კომენტარები