ისტორიაში პირველად, კუზიან ვეშაპებში ორი მამრის სქესობრივი კონტაქტი აღბეჭდეს
სავარაუდოდ, ეს ერთი ვეშაპის მხრიდან ავადმყოფ მეტოქეზე დომინირების მცდელობა იყო ანდა სოციალური ურთიერთობის განმტკიცებას ემსახურებოდა.
მკვლევრებმა ორ კუზიან ვეშაპს (Megaptera novaeangliae) შორის პენეტრაციული სექსის პირველი შემთხვევა აღრიცხეს.
კერძო გემმა 2022 წლის იანვარში ორი ზრდასრული ვეშაპი დაინახა ჰავაის კუნძულ მაუისთან ახლოს. ეკიპაჟმა შენიშნა, რომ ცხოველები უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ და მოყავისფრონი იყვნენ, ამიტომ წყალქვეშა კამერებით მათი გადაღება გადაწყვიტეს. შედეგად დააფიქსირეს, რომ კუზიანი ვეშაპი პენისს მეორე მამრის სასქესო ნაპრალში ყოფდა.
"პირველად დაფიქსირდა კუზიანი ვეშაპის მხრიდან პენეტრაცია და პირველად დაფიქსირდა სქესობრივი აქტი მამრობითი სქესის ორ კუზიან ვეშაპს შორის", — წერენ მკვლევრები ნაშრომში, რომელიც ჟურნალში Marine Mammal Science გამოქვეყნდა.
ვეშაპები 30 წუთის განმავლობაში წრიულად დაცურავდნენ, ერთი ვეშაპი (ვეშაპი B) კი, როგორც ჩანს, მეორის (ვეშაპი A) "დარწმუნებას" ცდილობდა. ვეშაპი A გამოფიტული ჩანდა. მას ყბის დაზიანება ჰქონდა მიღებული და ვეშაპის ტილი (Cyamus boopis) ეხვეოდა. ეს პარაზიტები ავადმყოფობაზე მეტყველებს და კანის ფერის ცვლილებას იწვევს, გემზე მყოფებმა კი სწორედ ეს შენიშნეს. ვეშაპი B, მეორე მხრივ, ძლიერი და ჯანმრთელი ჩანდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში მას პენისი გამოყოფილი ჰქონდა სასქესო ნაპრალიდან, სადაც იგი ჩვეულებრივ არის ხოლმე დამალული. იგი უკნიდან უახლოვდებოდა პირველ ვეშაპს, მკერდის ფარფლებით იჭერდა მას და პენეტრაციას ახდენდა.
მეორე ვეშაპის ქცევის საპასუხოდ ვეშაპი A ლათინური ასო S-ის პოზაში მოექცა. წარსულში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სხეულის ეს მდგომარეობა ჰავაის კუზიან ვეშაპებში შიშზე ან სტრესზე მეტყველებს.
"შესაძლოა, პირველი ვეშაპის ეს პოზა იმას ნიშნავდეს, რომ ქცევა მიუღებელი იყო, თუმცა მას საკმარისი ენერგია არ ჰქონდა, რომ თავიდან არიდების სტრატეგიებისთვის მიემართა", — წერენ მკვლევრები — "იგი მეორე ვეშაპისგან ნელა გაცურვას ცდილობდა, თუმცა სწრაფად ან ძლიერად არ მოძრაობდა და არ გამქრალა".
რამდენჯერმე პენეტრაციის შემდეგ ცხოველმა გაცურა და აღარ გამოჩენილა. ვეშაპი A რამდენიმე წუთით ადგილზე დარჩა, შემდეგ კი ისიც გაუჩინარდა. უცნობია, რამ გამოიწვია მასში ყბის დაზიანება, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გემთან შეჯახების გამო შეიძლება მომხდარიყო.
სხვათა შორის, ვეშაპისნაირთა წარმომადგენელ (ძუძუმწოვართა ეს ჯგუფი ვეშაპებს, დელფინებსა და ზღვის ღორებს აერთიანებს) მამრებს შორის სექსი საფუძვლიანადაა აღწერილი რამდენიმე სახეობის შემთხვევაში, მათ შორის აფალინებში (Tursiops truncatus).
კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, ვეშაპისნაირთა წარმომადგენლები ჰომოსექსუალურ ქცევას მამრებზე დომინანტურობის დამყარების/განმტკიცების მიზნით მიმართავენ; შესაძლოა, ისინი ამას რეპროდუქციული ქცევების სასწავლად ან გასაუმჯობესებლადაც აკეთებდნენ; სავარაუდო მიზანი შეიძლება იყოს სოციალური კავშირების დამყარება ან სოციალური წნეხის შემცირებაც.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, მეორე ვეშაპს პირველი მდედრში შეეშალა ანდა იგი თავიანთი სოციალური ურთიერთობის განმტკიცებას ცდილობდა. სავარაუდოა ისიც, რომ სქესობრივი აქტის დამყარება დასუსტებულ მეტოქეზე დომინირების გამოხატულება ყოფილიყო.
კუზიან ვეშაპებში ეს ჰომოსექსუალური პენეტრაციის პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა, თუმცა მსგავსი რამ ადრეც მომხდარა — 1998 წელს შენიშნეს, რომ მამრმა კუზიანმა ვეშაპმა პენისი გამოაგდო, როდესაც მამრი ვეშაპის გვამთან ახლოს ცურავდა.
"უჩვეულოა, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში აღრიცხული ორად ორი შემთხვევა ავადმყოფ ან მკვდარ ვეშაპებთან კონტაქტს მოიცავს. უცნობია, გამოვლინდებოდა თუ არა ეს ქცევა ორ ჯანმრთელ მამრს შორის", — დასძენენ მკვლევრები.
კომენტარები