ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 1/8 ნაწილი ჭარბწონიანია
ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, ჭარბწონიანობა მსოფლიოში უკვე მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. 32 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ბავშვებში ოთხჯერ გაიზარდა, ზრდასრულებში კი გაორმაგდა.
კვლევა NCD Risk Factor Collaboration-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) ეკუთვნის. ნაშრომში წვლილი დაახლოებით 1 500-მა მკვლევარმა შეიტანა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 220 მილიონზე მეტი ადამიანის სიმაღლისა და წონის მაჩვენებლები შეისწავლეს. გამოკვლევამ დაახლოებით 190 ქვეყნის ხალხი მოიცვა. მიგნებები აჩვენებს, როგორ შეიცვალა მათი სხეულის მასის ინდექსი (BMI) 1990 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში.
გოგოების შემთხვევაში ჭარბწონიანობის მაჩვენებელი 1990 წელს 1.7% იყო, 2022 წელს კი იგი უკვე 6.9%-ამდე გაიზარდა. ბიჭებში ამ მაჩვენებელმა იმავე პერიოდში 2.1%-იდან 9.3%-ამდე მოიმატა.
ჭარბწონიანობაში ზრდასრულების შემთხვევაში ის მდგომარეობა იგულისხმება, როდესაც ადამიანს BMI 30 კგ/მ2 ან უფრო მაღალი აქვს. ცნობისთვის, სხეულის მასის ინდექსის ნორმალური მაჩვენებელი 18.5-25 კგ/მ2 უნდა იყოს.
ქალების შემთხვევაში ჭარბწონიანთა რიცხვი ამ პერიოდში 8.8%-იდან 18.5%-ამდე გაიზარდა, კაცებში კი — 4.8%-იდან 14%-ამდე.
ამის პარალელურად არასაკმარისი მასის მქონე ადამიანების რაოდენობა ზრდასრულებშიც შემცირდა და ბავშვებშიც. გამოდის, ჭარბწონიანობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წონასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
არასაკმარისი მასის მქონე ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა გოგოების შემთხვევაში დაახლოებით 20%-ით შემცირდა, ბიჭებში კი — დაახლოებით 33%-ით. ამავე პერიოდში არასაკმარისი მასის მქონე ზრდასრულთა რიცხვი დაახლოებით ნახევარი გახდა.
საბოლოო ჯამში, 2022 წლისთვის ჭარბწონიანობა 880 მილიონ ზრდასრულსა და 159 მილიონ ბავშვს აწუხებდა. ჭარბწონიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, 60%-ზე მეტი, ტონგაში, ამერიკის სამოასა და ნაურუში იყო.
პროფესორ მაჯიდ ეზატის, კვლევის ავტორის თქმით, შემაშფოთებელია ის, რომ ჭარბწონიანობის ეპიდემია, რომელიც ზრდასრულებში 1990-იან წლებში ხდებოდა, ახლა სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მეორდება.
"იმისათვის, რომ სწორ გზაზე დავდგეთ და ჭარბწონიანობის დამარცხების კუთხით გლობალურ მიზნებს მივაღწიოთ, მთავრობებმა და საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმუშაონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიხედვით, რომელსაც WHO და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა სააგენტოები უზრუნველყოფენ. საგულისხმოა, რომ ეს კერძო სექტორთან თანამშრომლობასაც საჭიროებს, რომელმაც ჯანმრთელობაზე გავლენის კუთხით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ პროდუქტებზე", — აცხადებს ტედროს ადანომ გებრეისუსი, WHO-ს გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, ჭარბწონიანობა ორგანოთა ყველა სისტემაზე უარყოფითად ზემოქმედებს. პატარა ასაკში ბავშვის ცხოვრების ხარისხი ამან მნიშვნელოვნად შეიძლება გააუარესოს: იზრდება მე-2 ტიპის დიაბეტის, კიბოს, ფსიქიკური პრობლემებისა და ბევრი სხვა დაავადების რისკი.
კომენტარები