აღმოაჩინეს მკვდარი ვარსკვლავი, რომლის 72 წელიც 1 დედამიწურ დღეში გადის
მეცნიერებმა ბინარული სისტემა აღმოაჩინეს, რომელში შემავალი მკვდარი ვარსკვლავიც თავისი კომპანიონის გარშემო იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ მისი 72 წელი 1 დედამიწური დღის ეკვივალენტურია.
TMTS J0526-ის სახელით ცნობილი სისტემა ჩვენგან დაახლოებით 2760 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი ერთი წევრი ნახშირბადითა და ჟანგბადით მდიდარი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავია, რომელსაც მზის მასის 74% აქვს. ის მეორე მნათობის გარშემო ორბიტულ მოძრაობას სულ რაღაც 20.5 წუთს ანდომებს. ეს კომპანიონი ძალიან ცხელი, კაშკაშა და იუპიტერზე პატარაა. ასეთ ობიექტებს სუბჯუჯებს უწოდებენ.
რაც შეეხება თეთრ ჯუჯებს, ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა დაახლოებით მზის ზომის ვარსკვლავებში წყალბადის მარაგი იწურება, რაც გრავიტაციის გავლენით მათ კოლაფსს ედება საფუძვლად. ისინი ჯერ წითელი გიგანტის ფაზაში გადადის, ანუ გარეთა შრეები ფართოვდება, შემდეგ კი მათგან მხოლოდ მკვრივი ბირთვი რჩება, რომელიც ცივდება და აირ-მტვრის ერთგვარი გარსითაა გარემოცული. სწორედ ესაა თეთრი ჯუჯა.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 5 მილიარდ წელში მზეც თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, მაგრამ მას კომპანიონი არ ეყოლება. ეს ყველა მსგავსი ობიექტის შემთხვევაში ასე არაა, რისი მაგალითიც TMTS J0526-ა. ასეთ სისტემებში შემავალი ორივე მნათობი ხშირად ერთსა და იმავე აირის გარსშია მოქცეული.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად, როცა ე.წ. დეგენერაციულ ვარსკვლავში თერმობირთვული აფეთქება ხდება, მისი აირადი გარსი მძლავრად გაიტყორცნება, რაც თეთრი ჯუჯის მეზობელ ობიექტს მზის მასის დაახლოებით 45%-ის მქონე სუბჯუჯად აქცევს. შესაძლოა, დაფიქსირდეს მეორე ასეთი გატყორცნაც, რასაც არადეგენერაციული კომპანიონი მნათობის ჰელიუმით მდიდარი ბირთვის "ანთება" განაპირობებს. ეს, სავარაუდოდ, უფრო ნაკლებად მასიურ სუბჯუჯას აყალიბებს.
საბოლოოდ ასეთი ორი ობიექტი, სუბჯუჯა და თეთრი ჯუჯა, ერთმანეთის გარშემო გადაადგილდება და გრავიტაციულ ტალღებს გამოყოფს, რომელთა არსებობაც პირველად აინშტაინმა, 1915 წელს, იწინასწარმეტყველა. ასეთ ტალღებს იმპულსის მომენტიც მიჰყვება, რის გამოც სისტემის ორი ობიექტი ერთმანეთს უფრო და უფრო უახლოვდება. იზრდება მათი სიჩქარეც, რის შედეგადაც გრავიტაციული ტალღები მეტ ინტენსივობას იძენს.
სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს სისტემა TMTS J0526-ში, რომლის შესახებაც ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები