რას ჭამდნენ ნეანდერტალელები 48 000 წლის წინ — კვლევა
წლების განმავლობაში ნეანდერტალელები პრიმიტიულ არსებებად მიაჩნდათ. თუმცა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი საკმაოდ განვითარებულები იყვნენ, გააჩნდათ ხელოვნება, მარხავდნენ თავიანთ დაღუპულებსა და კომპლექსურ იარაღებსაც იყენებდნენ.
კვლევები ამ მიმართულებით არ წყდება და აი ახლა, Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომიდან ნეანდერტალელების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ბევრი ახალი შევიტყვეთ.
უძველესი დნმ-ის თანმიმდევრობის გაშიფვრით მკვლევრებმა ნეანდერტალელების დიეტისა და ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს.
რას ჭამდნენ ნეანდერტალელები — ცხოვრების წესი
მკვლევრებმა ორი ნეანდერტალელი ელ სიდრონის (ესპანეთი) გამოქვაბულიდან და ერთიც ჯაშუშის გამოქვებულიდან (ბელგია) შეისწავლეს. მათ ნეანდერტალელების დიეტაში მკვეთრი განსხვავებები აღმოაჩინეს, რაც მიკრობიომების ცვლილებებთანაა დაკავშირებული.
ბელგიაში აღმოჩენილი ნეანდერტალელის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ძირითადად ხორცით იკვებებოდა. როგორც ჩანს, ეს ნეანდერტალელი მარტორქისა და მუფლონის ცხვრის ხორცს მოიხმარდა. ასევე აღმოჩნდა მის რაციონში ადგილობრივი სოკოები, რომელიც ევროპაში დღესაც გვხვდება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დადგინდა კონკრეტული სახეობა, რომელსაც ნეანდერტალელი ჭამდა.
ამისგან განსხვევებით, ელ სიდრონის გამოქვაბულში ნაპოვნი ნეანდერტალელების რაციონში ხორცი არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ისინი ძირითადად თხილს, ხის ქერქს, სოკოსა და სხვა (სავარაუდოდ ობიან) ბალახოვან მასალას მოიხმარდნენ.
ეს ნამდვილი პალეო დიეტაა, რომელიც დამოკიდებული იყო გარემოზე. მაგალითად, თუ ბელგიაში აღმოჩენილი ნეანდერტალელი გარემოდან გამომდინარე მარტორქის ხორცით იკვებებოდა, ამის საწინააღმდეგოდ, ელ სიდრონის ნეანდერტალელები უღრან ტყეებში ცხოვრობდნენ და მათი ძირითადი რაციონი თხილი და სოკო იყო.
ნეანდერტალელების საკვები, როგორც მედიცინა
ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეანდერტალელის ჩონჩხზე კბილის აბსცესიის კვალი შენიშნეს. პირის ღრუს ანალიზმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელის კუჭ-ნაწლავში საშიში პარაზიტები (Microsporidia) იყო. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
ანალიზმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელი, სავარაუდოდ, თავის დაავადებებს მკურნალობდა. ამას ის ბუნებრივი საშუალებებით აკეთებდა, მოიხმარდა რა ვერხვს (რომლის კვირტები და ქერქი ასპირინის ბუნებრივი წყაროა). მეტიც, ეს გვხვდება პენიცილიუმშიც, რომელიც მსოფლიოში პირველი ანტიბიოტიკის, პენიცილინის წყაროა.
მიუხედავად იმისა, რომ პენიცილიუმი ბუნებაში ხშირად გვხვდება, როგორც ჩანს, კონკრეტული ნეანდერტალელი მას შეგნებულად იღებდა. საინტერესოა, რომ იგივე ნივთიერების კვალი სხვა ნეანდერატელელებში ვერ აღმოაჩინეს. შესაბამისად, მკვლევრები ვარაუოდბენ, რომ ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეანდერტალელი ასე მკურნალობდა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ნეანდერტალელებმა დაავადებების შესახებ იცოდნენ და მათ გარკვეული მეთოდებიც გააჩნდათ ამის სამკურნალოდ. ეს თუ ასეა, ამით მნიშვნელოვნად იცვლება ჩვენი შეხედულებები ნეანდერტალელების კულტურისა და ქცევის შესახებ — ეს ყველაფერი კი კბილზე შემორჩენილი უძველესი ბაქტერიების ანალიზით ხდება.
თანამედროვე ადამიანებთან გადაკვეთა
შემდეგი პოდკასტი: ადამიანის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა
ბოლო წლების განმავლობაში, ნეანდერტალელების გენომის შესწავლით მათზე ძალიან ბევრი რამ გავიგეთ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახეობის გენების ნაწილი თანამედროვე ადამიანებშიცაა.
ასევე: რატომ გვაქვს ნეანდერტალელების გენები და როგორ გადაშენდნენ ისინი — რა ვიცით
ბოლო წლებში საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები ერთმანეთში წყვილდებოდნენ.
თუმცა, ჰომო საპიენსებსა და ნეანდერტალელებს შორის სპეციფიკური გადაკვეთები უცნობია. მკვლევრებს აინტერესებთ შეიძლება თუ არა ეს დაკავშირებული იყოს დაავადებების გადაცემასთანაც.
და აი ახლა, მკვლევრები ამ ურთიერთქმედებებს სწავლობენ. ეს კი ნეანდერტალელების კბილებზე შემორჩენილი ბაქტერიების დნმ-ის შესწავლით ხდება. მეცნიერებმა ამ გზით 48 000 წლის წინანდელი ბაქტერიული გენომის თანმიმდევრობა გაშიფრეს.
"ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, როგორ შეიძლებოდა ამ ურთიერთქმედებას შეეცვალა ნეანდერტალელების ან თანამედროვე ადამიანების ჯანმრთელობა. თუმცა, ამ მხრივ წინ მივიწევთ და ეს კვლევა სწორედ აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია როგორც ნეანდერტალელების, ისე ჩვენი სახეობის მიკრობიომების წარმოშობის უკეთ გასაგებად", — თქვეს მკვლევრებმა.
კომენტარები