ჩინეთს მთვარეზე იქაური გრუნტით შექმნილი აგურებით ბაზის აშენება სურს
ჩინეთის კოსმოსური სააგენტო (CNSA) 2028 წელს მთვარეზე მისია Chang'e 8-ის გაშვებას გეგმავს, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე დასაშვები მოდულის, მავალისა და მრავალფუნქციური რობოტის გაგზავნას გულისხმობს.
მისია 14 სამეცნიერო ხელსაწყოს აერთიანებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულს გამოიკვლევენ და უმნიშვნელოვანეს მონაცემებს შეაგროვებენ. მათ შორისაა ინსტრუმენტი, რომლითაც მთვარის გეოლოგიას და მის რესურსებს გააანალიზებენ. ასევე, ერთ-ერთი მოწყობილობა მზისგან მიღებული ენერგიის დახმარებით მთვარის გრუნტს დაადნობს და მას ფუნქციურ ნაწილებად აქცევს.
ამაში ერთგვარი აგურები იგულისხმება, რომლებითაც ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ზედაპირზე ბაზის აგება სურთ, სადაც ასტრონავტები კოსმოსურ რადიაციას თავს შეაფარებენ.
რაც საინტერესოა, ამ აგურებით სტრუქტურებს რობოტები ააშენებენ.
სხვა ხელსაწყო ამ პროცესში გრუნტის ტემპერატურას გაზომავს და შედეგად მიღებული კომპონენტების მახასიათებლებს დაადგენს. მისიის ფარგლებში იქ სეისმომეტრსა და რამდენიმე სენსორსაც გაგზავნიან, რათა მთვარეზე არსებული ბიძგები შეისწავლონ.
ჩინეთი ამ ამბიციური გეგმის განსახორციელებლად საერთაშორისო პარტნიორებს ეძებს, რომლებიც სხვადასხვა დონის პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას. CNSA ამჟამად განაცხადების მიღებას 9 ხელსაწყოს შესაქმნელად აცხადებს.
ასევე, პარტნიორს ეძებენ 100-კილოგრამიანი რობოტის ასაწყობად, რომელსაც ობიექტების ერთი ადგილიდან მეორემდე გადატანა და სათანადოდ განლაგება შეეძლება. ის მზის ენერგიაზე იმუშავებს და საათში მინიმუმ 400 მეტრის დაფარვას შეძლებს.
მან ციური სხეულის გრუნტი მავალამდე უნდა მიიტანოს, რადგან ამ უკანასკნელმა მისი შემადგენლობისა და ასაკის გაანალიზება შეძლოს. შედეგად მთვარის ევოლუციის ისტორიის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალება მოგვეცემა.
Chang'e 8-ისთვის განაცხადების მიღება 10 მარტს დასრულდება
კომენტარები