500 Georgia — Awork-ის გზა იდეიდან წარმატებულ სტარტაპამდე
თანამედროვე სამყაროში სტარტაპების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ წარმატებული ბიზნესის განსახორციელებლად მხოლოდ კარგი იდეა და კრეატიულობა საკმარისი არაა. მის სისრულეში მოყვანამდე, საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი. უნიკალური, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შესაქმნელად და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, სტარტაპებს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და თავდაუზოგავი შრომა სჭირდებათ. ამაში კი მათ აქსელერაციის პროგრამები ეხმარებათ.
აღნიშნულ პროგრამებს შორის გამორჩეულ ადგილს 500 Global იკავებს — გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც ინვესტიციას სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ახორციელებს. დაარსებიდან დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5,000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2,900-ზე მეტ კომპანიას, 80-ზე მეტი ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ 500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, რეგიონში აქსელერაციის პროგრამას 500 Georgia-ის სახელით ახორციელებს.
500 Georgia თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, იმუშაონ მსოფლიო დონის ექსპერტებთან ერთად საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შექმნაზე და მათგან მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით უზრუნველყონ საკუთარი კომპანიის როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება.
500 Georgia-ის გასული წლის ერთ-ერთი მონაწილე სტარტაპია Awork — პირველი ქართული დასაქმების აპლიკაცია. ის სამსახურის მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი საშუალებით, ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, ბიზნეს პროფილით, ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოძებნონ ვაკანსიები, პლატფორმაზევე შექმნან CV და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით საკუთარი რეზიუმე პირდაპირ სასურველ პოზიციაზე გაგზავნონ.
იმის გასაგებად, თუ როგორი იყო Awork-ის გამოცდილება 500 Georgia-ში, ჩვენ სტარტაპის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი რაზმაძეს ვესაუბრეთ.
რატომ 500 Georgia?
"ქართული ეკოსისტემისთვის 500 Georgia ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორია, თანაც საერთაშორისო დონის. შესაბამისად, Awork-ის გაშვების შემდეგ ყოველთვის გვქონდა ინტერესი, მოვხვედრილიყავით ამ პროგრამაში, რათა მიგვეღო განსხვავებული გამოცდილება", — გვეუბნება გიორგი რაზმაძე.
ის ამბობს, რომ ყველასთვის, ვისაც საკუთარი სტარტაპის განვითარება და შექმნილი პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა სურს, მნიშვნელოვანია 500 Georgia-ის აქსელერაციის პროგრამის გავლა.
საუბრისას გიორგი რაზმაძემ იმ სიკეთეების შესახებაც მოგვიყვა, რომლებიც აქსელერაციის პროგრამამ მათ სტარტაპსა და გუნდს მოუტანა. ის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საინტერესო უცხოელ მენტორებთან და სხვა სტარტაპებთან ურთიერთობა იყო.
"12-კვირიანი პროგრამის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდით სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე უცხოელ მენტორებთან, ზოგიერთი მათგანი პროდუქტის განვითარებასა და მარკეტინგში გვეხმარებოდა, ზოგიერთი კი გაყიდვებსა და ფინანსების მოძიებაში, რაც სტარტაპს მრავალმხრივ ცოდნასა და გამოცდილებას აძლევს", — ამბობს გიორგი და დასძენს: "ძალიან საინტერესოა შენს სფეროში მომუშავე სხვა ადამიანებთან დაახლოება. გრძნობ, რომ გლობალური ოჯახის წევრი ხდები."
500 Georgia-ში მონაწილეობამდე და მონაწილეობის შემდეგ — Awork-ის გამოცდილება
გიორგი გვიყვება, რომ 500 Georgia-ში ჩართვამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი სტარტაპის ზრდას. მისი თქმით, თუ ადრე გადაწყვეტილებებს ინტუიციურად იღებდნენ, ახლა მონაცემებზე ორიენტირებულები გახდნენ. როგორც ვებგვერდზე, ისე აპლიკაციაში, დანერგეს ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც, მომხმარებლის უკუკავშირს მარტივად აკვირდებიან, აანალიზებენ და შემდეგ ბიზნესგადაწყვეტილებაში თარგმნიან. ეს ყველაფერი კი სწორედ აქსელერაციის პროგრამაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლეს.
"შედეგად, ყოველკვირეულად დაახლოებით, 10-15%-ით ვიზრდებოდით. ეს ზრდა ეხებოდა როგორც კომპანიის შემოსავალს, ასევე მომხმარებლების რაოდენობას, პლატფორმებზე ყოველდღიურ ვიზიტორებს, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, აპლიკაციის ჩამოტვირთვას და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განვახორციელეთ აპლიკაციისა და ვებგვერდის სრული რედიზაინი და გავხადეთ უფრო თანამედროვე. 500 Georgia-ს შემდეგ უფრო გაზრდილები და "წელში გამართულები"/თავდაჯერებულები ვართ", — გვეუბნება გიორგი და მიაჩნია, რომ Awork-მა ქართულ ბაზარზე უკვე თქვა თავისი სათქმელი და ახლა დადგა ეტაპი, სტარტაპი უკვე ქვეყნის გარეთაც გავიდეს.
რჩევა დამწყებ სტარტაპერებს
გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, რომ 500 Georgia-ის აქსელერაციის პროგრამაში პირველივე მცდელობისას ვერ მოხვდნენ და პროექტში ჩართვა მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლეს. თუმცა ამბობს, რომ ის გამოცდილება, რომელიც ამ პერიოდში — პირველი მცდელობიდან პროგრამაში ჩართვამდე მიიღო — შეუფასებელია.
"უარი არ ნიშნავს დასასრულს. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს სტარტაპმა. ის ხარვეზებიც უნდა გაიაზროს, რომელთა გამოც ვერ მოხვდა პროგრამაში და უფრო მეტი ძალისხმევა ჩადოს პროდუქტის გაუმჯობესებაში", — ამბობს გიორგი რაზმაძე.
500 Georgia საქართველოში 2020 წლიდან, 500 Global-ის საქართველოს ბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადზე მიღება მიმდინარეობს და 23 თებერვალს დასრულდება.
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, 2,4 მილიარდიან აქტივებს მართავს. ის ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას 80+ ქვეყნიდან. 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან 190+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
კომენტარები