ასტრონომებმა ზემასიური შავი ხვრელის ენერგიული ნაკადები დააფიქსირეს
ასტრონომებმა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მეშვეობით დედამიწასთან ერთ-ერთ ყველაზე ახლომდებარე ზემასიურ შავ ხვრელთან ასოცირებული ენერგიული ნაკადები დააფიქსირეს. აღნიშნული მატერია კოსმოსში თითქმის სინათლის სიჩქარით გადაადგილდება და დიდ მანძილზეა გადაჭიმული.
ეს ობიექტი რადიო გალაქტიკის 3C 84, იგივე პერსევს A-ს, ცენტრშია განლაგებული. მძლავრი გამოსხივების მქონე ზემოხსენებული წყარო ჩვენგან მრავალი მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, მაგრამ კოსმოსური მასშტაბებით, სხვა შავ ხვრელებთან შედარებით, დედამიწასთან მაინც საკმაოდ ახლოსაა.
"რადიო გალაქტიკა 3C 84 გამორჩეულად საინტერესოა იმ გამოწვევების გამო, რომლებიც მისი შავი ხვრელის მიმდებარედ სინათლის პოლარიზაციის დაფიქსირებასა და გაზომვას უკავშირდება. EHT-ის განსაკუთრებული შესაძლებლობა, შეაღწიოს ვარსკვლავთაშორის მკვრივ აირში, შავი ხვრელების ახლომდებარე გარემოზე დეტალურად დაკვირვების საშუალებას გვაძლევს", — აცხადებენ მეცნიერები.
ამ ტელესკოპისთვის ეს პირველი მსგავსი დაკვირვება არაა. როდესაც მან გალაქტიკა Messier 87-ის ცენტრალური შავი ხვრელის ისტორიული სურათი გადაიღო, მის გარშემო სინათლის პოლარიზაციისა და მაგნეტიზმის შესახებაც მოიპოვა მონაცემები. მძლავრი მაგნიტური ველი გამოვლინდა 3C 84-ის შავი ხვრელის შემთხვევაშიც, რომელსაც დაახლოებით 40 მილიონი მზის მასა აქვს. სწორედ ეს უწყობს ხელს ამ არეალიდან ენერგიული ნაკადების გამოყოფას.
"უკანასკნელი შედეგები იმის ახალ მტკიცებულებას გვაწვდის, რომ მოწესრიგებული სტრუქტურის მაგნიტური ველი შავი ხვრელის გარშემო არსებულ ცხელ აირშიც ვრცელდება", — ამბობენ ავტორები.
როდესაც მაგნეტიზებულ შავ ხვრელში მატერია ჩაედინება, მის ირგვლივ ე.წ. აკრეციული დისკო წარმოიქმნება. მისი მოძრაობის პარალელურად მაგნიტური ველის ხაზებიც მრუდდება, რაც მაგნიტური ენერგიის გამოთავისუფლებას უშლის ხელს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე მათ მიერ ნაკადების გამოყოფის შესაძლებლობას უკავშირდებოდეს.
კერძოდ, ამგვარი მოვლენები მიანიშნებს, რომ მაგნეტიზმმა გრავიტაციაზე გაიმარჯვა, რაშიც წვლილი გარე იმპულსის მომენტსაც მიუძღვის. ამ პროცესების უკეთ გარკვევა ასტრონომების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია და მაღალი გარჩევადობის მონაცემები ამაზე პასუხის გაცემასთან ნელ-ნელა გვაახლოებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები