ტემპერატურის ზრდის 1.5°C-იან ზღვარს შესაძლოა, უკვე გადავაჭარბეთ
2015 წელს საფრანგეთში დამტკიცდა პარიზის შეთანხმება, რომელიც დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს. ახალი კვლევის თანახმად, ამ მიჯნას შესაძლოა, უკვე გავცდით, მაგრამ ამას მეცნიერთა ნაწილი არ ეთანხმება.
საქმე ისაა, რომ დათბობის ტენდენცია ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით დგინდება, თუმცა რა კლიმატური პირობები იყო მაშინ, დაზუსტებით და დეტალურად არ ვიცით. თერმომეტრის შექმნის შემდეგაც კი, საუკუნეობით განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურას მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ქალაქში ზომავდნენ, ხოლო წყლის ტემპერატურის სისტემური აღრიცხვა მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო, ისიც მაშინდელი მთავარი საზღვაო გზების მიმდებარედ.
ახალი ნაშრომის ავტორების თქმით, აღმოსავლეთ კარიბებში არსებული ზღვის ღრუბლების მახასიათებლები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ინდუსტრიალიზაციამდელი ტემპერატურა არასწორად გვევარაუდა. კერძოდ, მაშინ, სავარაუდოდ, უფრო მეტად ცივი კლიმატი იყო, რის მიხედვითაც ამჟამინდელი დათბობა ბევრად დიდ სხვაობას გვაძლევს. საუბარია ნახევარი გრადუსი ცელსიუსით მეტ ტემპერატურაზე, რაც1.5°C-იან ზღვარს სცდება.
კლიმატოლოგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი ადგილით, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ კარიბებით, მსოფლიო ტემპერატურაზე მსჯელობა არასწორია. მათი აზრით დღესდღეობით ფართოდ აღიარებული მაჩვენებლები უფრო სარწმუნოა, რადგან ისინი დედამიწის სხვადასხვა რეგიონის მახასიათებლებს ეყრდნობა. ამის საპირისპიროდ, ახალი ჰიპოთეზის ავტორები აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ხის რგოლებისა თუ მარჯნის რიფების საყურადღებო ადგილობრივ ცვლილებებს არ ითვალისწინებს, ადრინდელ ტემპერატურაზე წარმოდგენა კი სწორედ მათი გამოკვლევით გვექმნება.
თავად მათ 33-91 მეტრ სიღრმეში არსებული, Calcifibrospongiidae-ს ჯგუფში შემავალი, ორგანიზმები შეისწავლეს. ეს ღრუბლები ძალიან ნელა იზრდება, ამიტომ ზოგიერთი მათგანი 300 წლისაა. წყალში ტემპერატურის ცვლილება მათზე კვალს ტოვებს, კერძოდ გარსში ელემენტ სტრონციუმის კონცენტრაციაზე აისახება. მსგავს სიღრმეში ამას დიდწილად ატმოსფერული გარემო განაპირობებს და არა სხვა ფაქტორები.
ზღვის ღრუბლებში 1960 წლიდან დღემდე დატოვებული კვალის ანალიზმა აჩვენა, რომ ამ პერიოდის ტემპერატურული ცვლილება გლობალურ პირობებს საკმაოდ ემთხვევა, ანუ ის ადრინდელი კლიმატის კარგი ინდიკატორია, მათ შორისაა 1700-1790 და 1840-1860 წლები.
ზღვის ღრუბლებზე დაფუძნებული ეს მონაცემები, ავტორთა თქმით, პრეინდუსტრიული ტემპერატურის ნამდვილ საწყის წერტილად უნდა მივიჩნიოთ. ის 1790-1840 წლებს შორის დაფიქსირებული ვულკანური ამოფრქვევების შემდგომ დროებით გაგრილებასაც ითვალისწინებს, პარალელურად კი ზოგად ტემპერატურაზე გვაწვდის ინფორმაციას.
თუ ზემოხსენებული გამოთვლები ზუსტია. მეთვრამეტე საუკუნეში ტემპერატურა იმაზე ნახევარი გრადუსი ცელსიუსით ნაკლები უნდა ყოფილიყო, ვიდრე ახლა მიიჩნევა.
"შესაძლებლობა, რომ გლობალური დათბობა 1.5°C-მდე მხოლოდ ემისიების შემცირების გზით შეგვეჩერებინა, ხელიდან გავუშვით. ამჟამინდელი ემისიების მიხედვით, ოკეანის ზედაპირის გლობალური ტემპერატურის 2°C-იან ზრდას 2020-იანი წლების ბოლოს მივაღწევთ", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათი ჰიპოთეზის დასადასტურებლად საჭირო იქნება, რომ ზღვის ღრუბლები სხვა რეგიონებშიც შევისწავლოთ, მაგრამ სახეობა, რომელიც მათ გამოიკვლიეს (Ceratoporella nicholsoni) წყნარ ოკეანეში არ გვხვდება. საბოლოოდ, მეცნიერების უმეტესობა ამ მოსაზრების მიმართ მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი და მას არ იზიარებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Climate Change გამოქვეყნდა.
კომენტარები