ისტორია ქალზე, რომელსაც OCD-სა და ეპილეფსიის სამკურნალოდ ტვინში ჩიპი ჩაუდგეს
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის უსადენო ჩიპი ადამიანის ორგანიზმში პირველად ჩანერგა. ამ ტექნოლოგიის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ.
ამის მიუხედავად, საზოგადოებაში მსგავსი ინტერფეისების მიმართ გარკვეული უნდობლობაა გაჩენილი, რაც ინფორმაციის ნაკლებობითა და შეთქმულების თეორიებითაა გამოწვეული. ადამიანთა ნაწილში არსებობს შიში, რომ ტვინის ჩიპით შესაძლოა, ვინმემ ჩვენი გაკონტროლება შეძლოს, მაგრამ ამის საფრთხე, რა თქმა უნდა, არ გვემუქრება.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტექნოლოგია სპეციალური მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან კონტროლდება და ის კლინიკური მიზნებისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა დასახმარებლადაა, შექმნილი. მეორე მხრივ, მსგავსი ინტერფეისები ძვირი ფუფუნებაა, ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა და ძალდატანებით ან უჩუმრად მას ორგანიზმში ვერავინ ჩაგვიდგამს.
ნეიროკომპიუტერულ ინტერფეისებს პარალიზებული ადამიანების ცხოვრების შეცვლა და მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ იგი სხვა დაავადებების შემთხვევაშიც ეფექტიანია. ამის ნათელი მაგალითი ამერიკელი ქალი, ემბერ პირსენია, რომელსაც ტვინში იმპლანტი 2019 წელს, ეპილეფსიისა და ობსესიურ-კომპულსიური (OCD) აშლილობის სამკურნალოდ ჩაუნერგეს.
ამ მდგომარეობის გამო, რომლისთვისაც განმეორებითი ქმედებებია დამახასიათებელი, ის ხელებს ძალიან ხშირად იბანდა, რადგან სხვადასხვა საგანზე ხელის მოკიდებით ინფიცირების ეშინოდა. ახლა მისი სიმპტომები შემსუბუქებულია, რაც სწორედ სპეციალური იმპლანტის დამსახურებაა.
"ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად ვარ ჩართული, რაც გასაოცარია. აქამდე საკუთარ თავში ვიყავი ჩაკეტილი და ჩემს განმეორებით ქცევებზე ვდარდობდი", — ამბობს 34 წლის ემბერი.
მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ტვინში ზუსტად მიმართული ელექტროსტიმულაცია მის ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას. ასე საშუალება გვეძლევა, პარკინსონი და სხვა ისეთი დაავადებები ვაკონტროლოთ, რომლებიც მოძრაობაზე აისახება. მათ შორისაა ეპილეფსიაც, რომლის შეტევებიც ზემოხსენებულ პაციენტს აწუხებდა.
ექიმებმა მის ტვინში 32-მილიმეტრიანი მოწყობილობა მოათავსეს, რომლითაც ეპილეფსიური კრუნჩხვების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ის მასთან ასოცირებულ აქტიურობას ავლენს და შეტევის შესაჩერებლად სათანადო არეალში იმპულსებს გზავნის. იგივე გავლენა აქვს მას OCD-ზეც, თანაც აქამდე მსგავსი კომბინაციით ეს ტექნოლოგია არ გამოუყენებიათ.
პირველყოვლისა, სპეციალისტებმა დაადგინეს, რა ხდებოდა პაციენტის ტვინში ობსესიური ეპიზოდებისას. ამისთვის ისინი სხვადასხვა სტრესორის გავლენას დააკვირდნენ და ორგანოში წარმოქმნილი იმპულსები შეისწავლეს. საბოლოოდ, OCD-სთან ასოცირებული სიგნალები გამოვლინდა, რომლებისკენაც იმპლანტი მომართეს.
"ესაა მსოფლიოში ერთადერთი მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად ორ მდგომარეობას მკურნალობს და ის თითოეულის გათვალისწინებით დამოუკიდებლადაა დაპროგრამირებული", — აცხადებს ნეიროქირურგი აჰმედ რასლანი, რომლის თქმითაც, ეს იდეა თავად პაციენტს მოუვიდა.
2019 წელს ჩატარებული პროცედურის შემდეგ ემბერ პირსენს სიმპტომები 8 თვეში უკვე საგრძნობლად შეუმსუბუქდა. მისი მდგომარეობა ეტაპობრივად გამოსწორდა, მაგალითად განმეორებად ჩვევებს ის დღეში არა 8-9 საათს, არამედ უკვე მხოლოდ 30 წუთს უთმობს. მას არც სხვებთან ერთად სადილობის ეშინია და ხელებსაც უფრო იშვიათად იბანს.
"ახლა ბედნიერი ვარ და ოჯახთან თუ მეგობრებთან დროის გატარება მახარებს. ეს ისეთი რამაა, რისგანაც წლების განმავლობაში მოწყვეტილი ვიყავი", — ამბობს ემბერი.
მისი ექიმის, აჰმედ რასლანის, თქმით, ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში იკვლევენ, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ეს ტექნოლოგია დაავადებათა უფრო ფართო სპექტრში გამოვიყენოთ.
ამგვარად, ტვინის ჩიპები არა საშიში მოწყობილობები, არამედ სამკურნალო და რეაბილიტაციური რევოლუციური საშუალებებია, რომლებიც მრავალი ადამიანისთვის ერთადერთი იმედია.
კომენტარები