აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც არ უნდა არსებობდეს
გალაქტიკა იზოლირებულია და არ აწარმოებს ახალ ვარსკვლავებს.
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომებმა, ტიმ კარლტონის ხელმძღვანელობით, ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინეს. გალაქტიკა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოსახულებაზე გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი დაკვირვების სამიზნე არ იყო.
გალაქტიკები ერთმანეთთან გრავიტაციითაა დაკავშირებული და შედგება პლანეტებისა და ვარსკვლავებისგან. გალაქტიკებში ასევე ხშირად გვხვდება მტვრისა და გაზის უზარმაზარი ღრუბლები და კიდევ ერთი — ბნელი მატერია!
ასევე: ჯეიმს ვების ტელესკოპი უცნაური გალაქტიკების აღმოჩენას განაგრძობს — ეს ჩვენს ცოდნას ეწინააღმდეგება
უშუალოდ ჯუჯა გალაქტიკები რაოდენობის მხრივ ყველაზე ხშირია, თუმცა ისინი ნაკლებად კაშკაშაა. სახელიდან გამომდინარე, ამ გალაქტიკებში შედარებით ცოტა ვარსკვლავია. მაგალითად, ასეთ გალაქტიკებში საშუალოდ 100 მილიონი ვარსკვლავია, როცა მაგალითად, ირმის ნახტომში 200 მილიარდზე მეტი მანათობელია.
ჯუჯა გალაქტიკებზე ბოლოდროინდელი დაკვირვებები იმაზე მეტყველებს, რომ მათ შესახებ ჩვენი ცოდნა შეიძლება არასრულია. ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში, კარლტონი და მისი კოლეგები გალაქტიკების გროვებს აკვირდებოდნენ. ჯუჯა გალაქტიკა, PEARLSDG, ჯეიმს ვების ტელესკოპის გამოსახულებაზე შემთხვევით გამოჩნდა. გალაქტიკა კოსმოსის იმ არეში აღმოჩნდა, სადაც ასტრონომები არაფერს არ ელოდნენ.
PEARLSDG-ს არ აღმოაჩნდა ჯუჯა გალაქტიკისთვის ჩვეული მახასიათებლები, რომლის დანახვასაც ასტრონომები ელოდნენ. ის არ ურთიერთქმედებს ახლომდებარე გალაქტიკასთან და ასევე არ აჩენს ახალ ვარსკვლავებს. როგორც ირკვევა, ეს არის იზოლირებული და "მშვიდი" გალაქტიკის საინტერესო შემთხვევა.
"ამ ტიპის იზოლირებული ჯუჯა გალაქტიკა აქამდე არ აღმოგვიჩენია. ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე, ასეთი გალაქტიკა არ უნდა არსებულიყო. ამიტომ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვხედავთ ამ ობიექტს, გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი თეორიები გალაქტიკების ფორმირების შესახებ", — თქვა კარლტონმა.
ასტრონომებმა აღნიშნეს, რომ ზოგადად, ასეთ გალაქტიკებში ახალი ვარსკვლავები მუდმივად ჩნდება. ეს კონკრეტული შემთხვევა კი უცნაურია.
კიდევ ერთი სიურპრიზი ისაა, რომ ამ გალაქტიკის ვარსკვლავები უჩვეულოდ კაშკაშაა. ამ ვარსკვლავების სიკაშკაშე იმდენად დიდია, რომ ისინი 98 მილიონი სინათლის წლის დაშორებიდანაც ჩანან.
ჯეიმს ვების NIRCam-ს კამერას აქვს ძალიან მაღალი კუთხური გარჩევადობა და მგრძნობელობა, რაც საშუალებას იძლევა ამოვიცნოთ ცალკეული ვარსკვლავები შორეულ გალაქტიკაში. ისევე როგორც ცალკეული უჯრედებია ფოკუსირებული მიკროსკოპის ქვეშ, ამ შემთხვევაში ფოკუსის ქვეშ შორეული ვარსკვლავებია.
ზოგადად, ახლად წარმოქმნილ ვარსკვლავებს სპეციფიკური "ხელწერა" აქვთ, რაც PEARLSDG-ის გალაქტიკაში არ დაფიქსირდა. სწორედ ასე, ასტრონომები მიხვდნენ, რომ გალაქტიკაში არ იქმნებოდა ახალი ვარსკვლავები. ასევე დადგინდა, რომ გალაქტიკა გრავიტაციულად სხვა გალაქტიკებთან არ იყო დაკავშირებული და ის რეალურად იზოლირებულია.
"ეს ჩვენს წარმოდგენებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება", — თქვა კარლტონმა.
ეს აღმოჩენა ცვლის ასტრონომების წარმოდგენას გალაქტიკების წარმოქმნისა და ევოლუციის შესახებ. როგორც ჩანს, სამყაროში ასეთი კიდევ ბევრი გალაქტიკაა, რომელიც სრულიად იზოლირებულია და ამასთან, ახალ ვარსკვლავებს არ აწარმოებს.
მეცნიერების შედედები Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები