ჩინეთს ნეიროკომპიუტერულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს
ჩინეთის ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ ამბიციური გეგმები გაასაჯაროვა, რომელთა მიხედვითაც ის 2025 წლისთვის მოწინავე ნეიროკომპიუტერული პროდუქტების შექმნას აპირებს.
ამ სახელმწიფოს სურს, გარღვევებს მიაღწიოს ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიაში, როგორიც ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისია. ასევე, ტვინის მსგავსი ჩიპები, ნეირონული მოდელები და ა.შ.
საბოლოო მიზანი მომხმარებლებზე მორგებული და უსაფრთხო ინტერფეისის შექმნაა, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენებთ. მათ შორის სამედიცინო რეაბილიტაციისთვის, მანქანის ავტომატური მართვისთვის, ვირტუალური რეალობისთვის და სხვა.
უნდა დაჩქარდეს გრაფიკული პროცესორების განვითარება და წინ წაიწიოს კვანტური კომპიუტერის კვლევებმაც, რადგან ჩინეთს სურს, 2027 წლისთვის ამ მხრივ მსოფლიოში პირველობა მოიპოვოს.
აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ადამიანის ორგანიზმში ტვინის პირველი იმპლანტი ჩანერგა, რისი ნებართვაც მან 2023 წლის მაისში მოიპოვა. ის შესაძლოა, ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი აღმოჩნდეს, თუმცა ეს ქვეყანა ტექნოლოგიების მხრივ საკმაოდ წინაა და ნეიროკომპიუტერულ ინტერფეისებზე ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს.
ზედა ფოტოზე სწორედ ამ შრომის შედეგად მიღებულ პროდუქტს ხედავთ, რომელიც ტიანძინის უნივერსიტეტისა და China Electronics Corporation-ის მიერაა შექმნილი. ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი ინტერფეისის ეს ჩიპი, სახელად Brain Talker, 2019 წელს წარადგინეს. ის ნეირონულ სიგნალებს შიფრავს მათ ისეთ ბრძანებებად გარდაქმნის, რომელთაც კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები აღიქვამს.
ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი შექმნეს ცინგუას უნივერსიტეტშიც. მას SpiralE ეწოდება, არაინვაზიურია და შიდა ყურს უერთდება. ამგვარ კვლევებს ჩინეთის მთავრობა ხშირად აფინანსებს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული გეგმები კი მიანიშნებს, რომ მომდევნო წლებში მეტს უნდა ველოდოთ.
კომენტარები