ჰომო საპიენსის ახალაღმოჩენილი ნაშთები ცენტრალური ევროპის მასშტაბით უძველესია
მეცნიერთა ახალი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჩრდილოეთ ევროპაში მოსახვედრად ალპები დაახლოებით 45 000 წლის წინ გადალახეს. შესაძლოა, ისინი ნეანდერტალელებთან იმაზე დიდხანს თანაარსებობდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
ამაზე ჰომო საპიენსის ძვლების 13 ფრაგმენტი მიუთითებს, რომლებიც გერმანიაში მდებარე გამოქვაბულში აღმოაჩინეს. ისინი 44 000-47 500 წლის წინანდელია, ამიტომ ცენტრალსა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში უძველესია. აღნიშნულ პერიოდში იქ ძალიან მკაცრი პირობები იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ადამიანები ასეთ კლიმატს არ შეუშინდნენ.
სიცივეს კარგად ეგუებოდნენ ნეანდერტალელებიც, რომლებიც ევროპაში სულ მცირე 200 000 წლის წინ გავრცელდნენ, მაგრამ 40 000 წლის წინ გადაშენდნენ. თანამედროვე ადამიანები სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში 46 000 წლის წინა პერიოდამდე ჩავიდნენ, მაგრამ რამდენად და როგორ გადაიკვეთა ჩვენი და მათი გზები ამ ტერიტორიაზე, ზუსტად არ ვიცით.
ამის გასარკვევად სპეციალისტებმა ზემოხსენებული გარდამავალი პერიოდის არტეფაქტები და კლიმატი შეისწავლეს. აქამდე მაშინდელი ქვის იარაღები უკვე მიკვლეული იყო, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცოდით, ნეანდერტალელებმა შექმნეს ისინი თუ ჰომო საპიენსებმა. სწორედ ეს ნიმუშები გააანალიზეს მეცნიერებმა და მათთან ასოცირებული ძვლის ფრაგმენტებიც გამოიკვლიეს, რომლებიც გერმანიის ქალაქ რანისში მდებარე გამოქვაბულში იპოვეს. ჩატარდა ახალი გათხრებიც.
ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ამ გამოქვაბულში არა მხოლოდ აფთრები და დათვები, არამედ ჰომინინების პატარა ჯგუფებიც ბინადრობდნენ — ჰომო საპიენსები ან ნეანდერტალელები, რომლებიც ირმების, ცხენებისა და ბეწვიანი მარტორქების ხორცით იკვებებოდნენ. ძვლების იდენტიფიცირებისთვის მათში არსებული დნმ და ცილები გააანალიზეს და შესავალში ხსენებული 13 ფრაგმენტი გამოავლინეს, რომლებიც თანამედროვე ადამიანისაა.
აქედან ასკვნიან, რომ სწორედ მათ შექმნეს არტეფაქტები, რადგან ისინი ევროპის ამ რეგიონში იმაზე ადრე მოხვდნენ, ვიდრე გვეგონა. რაც შეეხება კლიმატს, იქ ძალიან დაბალი ტემპერატურა და ციმბირსა თუ ჩრდილოეთ სკანდინავიაში არსებულის მსგავსი ტუნდრა უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ჩვენი წინაპრები სიცივეს ამ პერიოდიდან შეეგუვნენ და არა რამდენიმე ათასი წლის შემდეგ.
რაც მნიშვნელოვანია, ისინი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ნეანდერტალელების გადაშენებამდე ათასობით წლით ადრე მოხვდნენ, რაც მათ სავარაუდო თანაარსებობაზე მიუთითებს. ავტორთა თქმით, ჩვენს წინაპრებს ისინი ერთბაშად არ ჩაუნაცვლებიათ, არამედ ამ სახეობის გაქრობამდე იქ ჯგუფ-ჯგუფად ჩადიოდნენ.
მეცნიერებს სურთ, ამ პერიოდის ნეანდერტალელების გენომი შეისწავლონ იმის გასაგებად, არის თუ არა მასში ჰომო საპიენსის დნმ-ის კვალი. ახალი ნაშრომებიდან ერთი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა, ორი კი Nature Ecology & Evolution-ში (1,2).
კომენტარები