NASA-ს მავალმა მარსის კრატერში ტბის დანალექი გამოავლინა — რატომაა მნიშვნელოვანი
NASA-ს მავალმა Perseverance ეზეროს კრატერის ფსკერზე ტბის დანალექი გამოავლინა, რაც იქ მოპოვებულ ნიმუშებში პოტენციური სიცოცხლის კვალის მიგნების ახალ იმედს აჩენს.
ეს აპარატი წითელ პლანეტაზე მდებარე 45-კილომეტრიან კრატერში 2021 წლის თებერვალში დაეშვა. იქ ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო, ამიტომ ეს არეალი მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. მავალზე დამონტაჟებული სარადარო ხელსაწყოს RIMFAX მეშვეობით მეცნიერებმა ეზეროს ტერიტორიაზე ფორმირებული დანალექი ფენები შეისწავლეს, რისთვისაც ზედაპირის ქვეშ არსებულ გარემოს დააკვირდნენ.
მარსზე Perseverance-ის გადაადგილების პარალელურად RIMFAX 10-სანტიმეტრიანი ინტერვალით სარადარო ტალღებს ქვემოთ გზავნის. ის დაახლოებით 20 მეტრი სიღრმიდან არეკლილ პულსებზეა კონცენტრირებული და კრატერის ფსკერქვეშა პირობებს ავლენს. სწორედ ამ გზით დააფიქსირეს სპეციალისტებმა ტბის დანალექი, რომლის წარმოქმნაც წყალს უკავშირდება.
იქ ორი სხვადასხვა პერიოდის დანალექი შეიმჩნევა, რამაც კრატერის ფსკერზე ჰორიზონტალური შრეები გააჩინა. ასევე, ტბაში წყლის დონის ცვლილების შედეგად ფორმირებულმა დანალექმა უზარმაზარი დელტის წარმოქმნასაც შეუწყო ხელი. ეს არეალი მავალმა 2022 წლის მაის-დეკემბერში გამოიკვლია.
უკანასკნელი მონაცემებით გავიგეთ ისიც, რომ დელტის მიმდებარედ ეზეროს ფსკერი არათანაბარია, რაც ეროზიულ პროცესებს უნდა უკავშირდებოდეს. კერძოდ, ეს ტბის ამოშრობის შემდეგ, დროთა განმავლობაში, უნდა მომხდარიყო.
"ქანებში შემონახული ხილული კვალი მარსის პირობების ფართომასშტაბიანი ცვლილების შედეგად გაჩნდა. საოცარია, რომ მსგავს ცვლილებას ასეთ პატარა გეოგრაფიულ არეალში ვაკვირდებით, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მიგნებები მთლიან კრატერზე განვავრცოთ", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები