ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენია, რომ პაწაწინა ჭიანჭველები ლომებზე მოქმედებენ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება იმას თუ როდის და როგორ უნდა ინადიროს ლომმა.

უაიომინგის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ ცხადყო, რომ კენიის სავანაში მსხვილთავიანმა ჭიანჭველებმა გავლენა მოახდინეს ლომების მტაცებლურ ქცევაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ კენიის ოლ პეჯეტას კონსერვაციის ზონაში მსხვილთავიანი ჭიანჭველების შემოჭრამ ლომები ნაკლებად ეფექტური გახადა ზებრებზე ნადირობისას.

"ჩვენდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ ეს პატარა არსებები წარმოუდგენლად ძლიერი მცველები არიან და არსებითად ასტაბილურებდნენ ხის საფარს. ეს შესაძლებელს ხდის აკაციის ხეების არსებობას ისეთ ადგილას, სადაც მცენარის მჭამელი უამრავი ძუძუმწოვარია. თუმცა, მოხდა ცვლილება და ჭიანჭველების ერთი კოლონია მეორე კოლონიამ შეცვალა", — თქვა ტოდ პალმერმა, ეკოლოგმა და ფლორიდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა.

ჭიანჭველების ეფექტი

როდესაც ახლად მოსულმა ჭიანჭველებმა ტერიტორია დაიპყრეს, მათ გააძევეს ადგილობრივი ჭიანჭველები და ხეები დაუცველი დარჩა.

"დინასტიის" ცვლილებას სხვა ცვლილებებიც მოჰყვა. ახლად შემოჭრილი ჭიანჭველები დიდი ძუძუმწოვრების მიმართ ნაკლები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, დიდმა ძუძუმწოვრებმა, მათ შორის სპილოებმა მცენარეები და ხეები სრულად გაანადგურეს.

საბოლოოდ, ამან ლომებზეც იმოქმედა. მათ დასამალი ადგილი აღარ ჰქონდათ და ზებრებზე ნადირობა გაუჭირდათ.

"ხშირად, სულ მცირე წვრილმანი ყველაფერს ცვლის. ამის კარგი მაგალითი ჭიანჭველების ფაქტორია. ახალი ჭიანჭველები აქ 15 წლის წინ გამოჩდნენ, მაგრამ თავიდან მათ დიდი ყურადღება არ მიიქციეს. ეს ახალი ჭიანჭველები დიდი არსებების მიმართ აგრესიულები არ არიან. ამით ისარგებლეს დიდმა ძუძუმწოვრებმა და ხეები თითქმის სრულად გაანადგურეს", — თქვა პალმერმა.

ციფრები მართლაც გასაოცარია: დიდთავიანი ჭიანჭველების შემოჭრამდე ლომები სამჯერ უფრო მეტ ზებრას კლავდნენ. ჭიანჭველების კოლონიის ცვლილებამ ლომებს ნადირობა გაურთულა.

საჭირო იყო ცვლილება. შესაბამისად, ლომებმა შეცვალეს მენიუ და ნადირობა აფრიკულ კამეჩებზე დაიწყეს. 2003 წლამდე ლომების საკვების 67% ზებრას ხორცი იყო. თუმცა, ახლა ეს შეიცვალა და ახლა ზებრა მათი რაციონის მხოლოდ 42%-ია. სამაგიეროდ ნოლიდან 42%-მდე გაიზარდა კამეჩების "წილი". ახლა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ლომების საკვების 42%-ს სწორედ კამეჩის ხორცი შეადგენს.

საინტერესოა ისიც, რომ ამან ლომების პოპულაციაზე ცუდად არ იმოქმედა და ის არ შემცირდა.

"ბუნება ჭკვიანია და ლომების მსგავსი არსებები, როგორც წესი, გამოსავალს პოულობენ. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით რა გლობალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ცვლილებებს", — თქვა პალმერმა.

მკვლევრები ამ ტერიტორიას უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში აკვირდებიან, მაგრამ მსგავსი ცვლილებები აქამდე არ შეუნიშნავთ.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.