ახლახან მზის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად ორი ამოფრქვევა დაფიქსირდა. ეს მოვლენა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მზის დინამიკის შემსწავლელმა ობსერვატორიამ 23 იანვარს გადაიღო.

ტელესკოპის მიერ აღბეჭდილ კადრებში ჩანს, რომ მზის ზედაპირზე არსებული ლაქებიდან პლაზმა სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან თითქმის თანადროულად იფრქვევა. როგორც ცნობილია, ამან დედამიწაზე რადიოკავშირის გარკვეული ხარვეზებიც გამოიწვია. ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი ვარსკვლავი აქტიურობის 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება.

ფოტო: NASA

მზის ზემოხსენებული ლაქები AR3559-ისა და AR3561-ის სახელითაა ცნობილი, მათ ერთმანეთისგან დაახლოებით 500 000 კილომეტრი აშორებს. ამოფრქვევები M5.1 კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რაც საშუალოზე მეტ სიმძლავრედ მიიჩნევა, რასაც ჩვენს პლანეტაზე საგრძნობი გეომაგნიტური შტორმის გამოწვევა შეუძლია.

ეს ასეც მოხდა: 23 იანვარს მზიდან გამოტყორცნილმა ნაკადებმა დედამიწამდე მოღწევის შემდეგ ავსტრალიასა და ინდონეზიაში 30-წუთიანი რადიოხარვეზი განაპირობა.

///

მზის ასეთ ორმაგ აქტიურობას სიმპათიკური ამოფრქვევები ეწოდება, რა დროსაც ვარსკვლავის ორ განსხვავებულ არეალში თითქმის თანადროული ამოფრქვევა ხდება. ეს შემთხვევითი არაა, რადგან ისინი ერთმანეთს მაგნიტური ველის მრუდებით უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ მზე ამჟამინდელი, 25-ე, ციკლის მაქსიმალურად აქტიურ პერიოდში შედის. შესაბამისად, მოსალოდნელია მზის ლაქების რაოდენობის ზრდა, ასევე უფრო ხშირი და ძლიერი ამოფრქვევები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.