A23a მსოფლიოში უდიდესი აისბერგია, რომელიც ანტარქტიკის რეგიონში მდებარეობს. Eyos-ის ექსპედიციამ ახლახან მისი სურათები გადაიღო და გამოავლინა, რომ ყინულის ეს უზარმაზარი მასა ნელ-ნელა იშლება. კერძოდ, მასზე ღრმულები და სხვა ეროზიული წარმონაქმნები შეიმჩნევა.

ამას ჰაერის თბილი მასები და დიდ ტალღებთან ურთიერთქმედება იწვევს, რაც კონტინენტიდან ჩამოშორებულ აისბერგს, ალბათ, მალე გაანადგურებს.

ფოტო: EYOS EXPEDITIONS

A23a ანტარქტიდას 1986 წელს გამოეყო. დიდი ხნის განმავლობაში ის უედელის ზღვაში ადგილიდან თითქმის არ იძვროდა, მაგრამ ახლა უკვე წყალში გადაადგილდება. დაახლოებით 4000 კმ2 ფართობის მქონე ყინულის მასა ანტარქტიკულ ცირკუმპოლარულ დინებას მიუყვება, რომელიც კონტინენტის გარშემო საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს.

შედეგად, A23a სამხრეთ ორკნეის კუნძულებისკენ მიტივტივებს, რომელიც ანტარქტიკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ კიდიდან დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული. მის სამომავლო ტრაექტორიას ქარი და ოკეანური დინებები განსაზღვრავს, მაგრამ, როგორც წესი, მსგავსი აისბერგები ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების შემადგენლობაში არსებულ სამხრეთ ჯორჯიის კუნძულს ჩაუვლის ხოლმე.

ფოტო: EYOS EXPEDITIONS

A23a-ს, სავარაუდოდ, ფრაგმენტებად დაშლა მოელის. ამას Eyos-ის მიერ დრონის მეშვეობით მოპოვებული კადრებიც ცხადყოფს, რომლებიც აისბერგის ეროზიულ რეგიონებს გვიჩვენებს.

"მისი გადაღება დრამატული და ლამაზი იყო. ის წარმოუდგენლად დიდია. მგონია, რომ მის ზომას ვერც კი ვიაზრებთ და ამას მხოლოდ მეცნიერების დახმარებით ვიგებთ. ის გადასაღებადაც ძალიან დიდია. რომელი მიმართულებითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან მას დაინახავ", — აცხადებს ვიდეოგრაფი რიჩარდ სიდი.

A23a მართლაც უზარმაზარია. მისი სისქე ზოგან 300 მეტრს აღწევს, წონა კი შესაძლოა, ტრილიონი ტონა იყოს. ეს მაჩვენებლები დღითიდღე მცირდება, რადგან აისბერგი მასას კარგავს. მის ზედაპირზე გამლღვალი წყლის გუბეების გაჩენაა მოსალოდნელი, რომელიც სიღრმეში ჩაჟონავს და ნაპრალებს წარმოქმნის.

აღსანიშნავია, რომ ცნობილია აისბერგები, რომლებიც ამგვარი პროცესების მიუხედავად, ჯერაც არ განადგურებულა. მაგალითად, ასეთია D28, რომელმაც ფართობის მესამედი დაკარგა, მაგრამ ბაზური ფორმა მაინც შეინარჩუნა. A23a-ც უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა რა ელის საბოლოოდ, მომავალში გავიგებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.