რატომ აქიცინებს ძაღლი კუდს
ძაღლებთან ათასობით წლის თანაცხოვრების შემდეგ, გასაკვირია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვესმის, რატომ აქიცინებენ ისინი კუდს. და აი ახლა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ძაღლების ეს ჩვევა ადამიანების შინაგანი რიტმის დასაკმაყოფილებლად წაროიშვა.
მიიჩნევა, რომ ძაღლი კუდს ბედნიერების მომენტში აქიცინებს, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურა ამას ბოლომდე არ ეთანხმება. მაგალითად, მკვლევრებმა 100-ზე მეტი კვლევა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ კუდს უფრო ხშირად აგრესიული ძაღლები აქიცინებენ, ვიდრე მორჩილი ოთხფეხა მეგობრები. ეს ეწინააღმდეგება იმ იდეას, რომ ძაღლისთვის კუდის ქიცინი პოზიტიურ განწყობასთანაა დაკავშირებული.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლები კუდს მათთვის უცნაურ საგნებთან შეხვედრისას აქიცინებენ.
"ამ სიტუაციებში კუდის ქიცინი, როგორც ჩანს, დადებით ემოციებზე ან მაღალ აღგზნებაზე მიუთითებს, მაგრამ არა შიშსა და სტრესზე", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
კუდის ქიცინი სხვა შემთხვევებშიც დააფიქსირეს. მაგალითად, როდესაც ძაღლებს შიოდათ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კუდის ქიცინი ძაღლის ერთგვარი ნიშანია, რომ უნდა აჭამოთ.
კუდის ქიცინთან დაკავშირებით ასეთი მრავალფეროვანი და ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების ფონზე მკვლევრებმა ორი ახალი ჰიპოთეზა წამოაყენეს.
პირველი ჰიპოთეზის თანახმად, კუდის ქიცინი ადამიანის მიერ ბუნებრივი სელექციის ნაწილია. ამის არგუმენტად მკვლევრებს ვერცხლის მელა მოჰყავთ, რომელიც 40 თაობის განმავლობაში სულ უფრო მორჩილი გამოჰყავდათ.
"მოთვინიერებულ მელას ძაღლისთვის დამახასიათებელი კუდი ჩამოუყალიბდა. თაობებთან ერთად მათი კუდი დაიხვეწა და დაიწყეს ქიცინი. ეს შეიძლება მოთვინიერებასა და კუდის ანატომიას შორის გენეტიკურ კავშირთანაა ასოცირებული", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანები იმ ძაღლებს უფრო იშინაურებდნენ, რომლებიც კუდს აქიცინებდნენ. ეს შეიძლება გაუცნობიერებლად ხდებოდა და უბრალოდ ადამიანისთვის რიტმულობასთან ასოცირდებოდა. შესაბამისად, საბოლოოდ მივიღეთ ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც კუდს გამუდმებით აქიცინებენ.
ეს ბოლო თეორია ნეირომეცნიერულ კვლევას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, ადამიანის ტვინს ბუნებრივი უპირატესობა აქვს რიტმული სტიმულის მიმართ.
"იზოქრონიული რიტმებისადმი ეს მიდრეკილება ძაღლის კუდის ქიცინზე შეიძლება ასახულიყო. ამით შეიძლება აიხსნას ის თუ რატომ აქიცინებს ძაღლი კუდს ასე ხშირად და გასნაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ადამიანთან აქვს ინტერაქცია", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებმა ნაშრომი Biology Letters-ში გამოაქვეყნეს.
კომენტარები