ასტრონომებმა თითქმის უხილავი გალაქტიკა დააფიქსირეს
მეცნიერებმა დააფიქსირეს ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც თითქმის უხილავია, ამიტომ ის აქამდე არ იყო აღმოჩენილი.
მისი სახელია Nube, რაც ესპანურად "ღრუბელს" ნიშნავს. იქ არსებული ვარსკვლავები ძალიან გაფანტულია, შედეგად კი ეს გალაქტიკა სხვა ამგვარ ობიექტებთან შედარებით 10-ჯერ მკრთალია. ასევე, ის დაახლოებით 10-ჯერ განიერია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ მნათობს შეიცავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ცოდნით მსგავსი უჩვეულო მახასიათებლების ახსნა ძნელია.
მკვლევრებმა უცნაური ჯუჯა გალაქტიკა Sloan Digital Sky Survey-ის მონაცემთა ბაზის ხელახალი ანალიზისას გამოავლინეს. მათ გარკვეული ანომალია შენიშნეს, რომელიც გრინ ბენკის ტელესკოპის მეშვეობით შეისწავლეს. Nube-ის სიმკრთალის გამო ჩვენსა და მას შორის არსებული დისტანციის დადგენა მაინც ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს მანძილი დაახლოებით 300 მილიონი სინათლის წელია.
როგორც წესი, გალაქტიკების სიმკვრივე მათ ცენტშია კონცენტრირებული და გარეთა არეალებში მცირდება. ეს ვარსკვლავების გადანაწილებაზეც აისახება, რის შედეგადაც ბირთვის მიმდებარედ უფრო მეტი მნათობია თავმოყრილი. ამის მიუხედავად, ახალაღმოჩენილ გალაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა, რაც მას ნაკლებ სიკაშკაშეს აძლევს.
იქიდან გამომდინარე, რომ Nube-ს ცენტრალური მასა ფაქტობრივად არ გააჩნია, ძნელი ასახსნელია, რა უნარჩუნებს მას მთლიანობას. ამისთვის სათანადო გრავიტაციაა საჭირო, რომელსაც შესაძლოა, ბნელი მატერია წარმოქმნიდეს, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული თეორიების მიხედვით, ამ გალაქტიკაში საკმარისი ბნელი მატერია არ უნდა იყოს.
არაა გამორიცხული, ეს თავად ბნელ მატერიაზე გვაწვდიდეს ინფორმაციას. კერძოდ, შესაძლოა, მის შემადგენელ ნაწილაკებს ძალიან მცირე მასა ჰქონდეს. თუ მართლაც ასეა, ავტორების თქმით, ეს გალაქტიკურ მასშტაბებზე კვანტური ფიზიკის მახასიათებლების შთამბეჭდავი დემონსტრაცია იქნება.
ისინი იმედოვნებენ, რომ სხვა მკრთალ გალაქტიკებსაც მიაგნებენ და ამ ფენომენის შესახებ მეტს გაიგებენ. ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები