ადამიანები წელიწადში 80 მილიონ ზვიგენს კლავენ — კვლევა
და ეს რეგულაციების მიუხედავად
ახალმა კვლევამ ზვიგენებზე ნადირობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სტატისტიკა გამოავლინა. როგორც ჩანს, ადამიანების გამო ყოველწლიურად დაახლოებით 80 მილიონი ზვიგენი კვდება. და ეს თევზაობის შეზღუდვებისა და შესაბამისი რეგულაციების მიუხედავად.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება და ასე თუ გაგრძელდა თევზაობას წელიწადში 101 მილიონი ზვიგენი შეეწირება.
რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, მოკლული ზვიგენებიდან 28 მილიონი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის წარმომადგენელია.
"ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ზვიგენების არსებობას სულ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, მათ დასაცავად ზომები მივიღეთ", — აღნიშნულია კვლევაში.
ზვიგენებს საფრთხე სწორედ თევზაობის გამო ემუქრებათ. ასევე იზრდება მოთხოვნა მათ ფარფლებზე, რომლებიც აზიის ბაზრებზე ძვირფას პროდუქტს წარმოადგენს.
ამიტომ, რეგულაციების შემოღება აუცილებელი გახდა, თუმცა, როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ადამიანების მიერ მოკლული ზვიგენების რაოდენობა გაიზარდა.
"თევზაობით სიკვდილიანობის მონაცემების გააანალიზებით, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ფართოდ გავრცელებული კანონმდებლობა, რომელიც შექმნილია ზვიგენების დასაცავად, არ ამცირებს სიკვდილიანობას", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრების თქმით, ისეთი ზომები, როგორიცაა ზვიგენებზე თევზაობის სრულად აკრძალვა და სპეციალური ტერიტორიების შემოსაზღვრა, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ზვიგენების დაცვის მხრივ.
"ეს გადაჭრის საშუალებაა. თუ არ ვიჩქარეთ გამოუსწორებელ შედეგებამდე მივალთ, რადგან ზვიგენებს ბევრი დრო არ აქვთ დარჩენილი", — ნათქვაია კვლევაში.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები