8 გავრცელებული მითი სექსის შესახებ
საქართველოში სექსუალურ ცხოვრებაზე საუბარი და ამ თემაზე კითხვების დასმა ჯერ კიდევ ტაბუდადებულია, რის გამოც საზოგადოების დიდ ნაწილში სექსთან დაკავშირებით უამრავი მცდარი მოსაზრება არსებობს.
მართალია, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერება თანდათანობით იზრდება, თუმცა დღემდე არსებობს უამრავი მითი, რომლისაც საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა. ამ სტატიაში 8 ასეთ მითს სიმართლით ჩავანაცვლებთ.
1. მითია, რომ მენსტრუაციისას და პირველი სექსისას დაორსულება შეუძლებელია
მართალია, მენსტრუაციისას ორსულობის შანსი იკლებს, თუმცა მაინც შესაძლებელია. განაყოფიერება სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმით ხდება. ოვულაციის პერიოდში გამოყოფილი კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-24 საათია.
ოვულაციის დღეები ყველასთვის ინდივიდუალურია და მხოლოდ მენსტრუაცია დაორსულების შანსს არ გამორიცხავს. მაგალითად, სპერმა ორგანიზმში 3 დღის მანძილზე რჩება და თუ ქალს სექსი მენსტრუაციისას ჰქონდა, ოვულაციის პერიოდი კი რამდენიმე დღეში დაეწყო, ამ დროს სპერმა კვლავაც მის ორგანიზმშია. შესაბამისად, მარტივად შეიძლება, სპერმამ გამოყოფილი კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს. მართალია, შანსი ნაკლებია, თუმცა შესაძლებელია.
ალბათ, ერთხელ მაინც გაგიგია ფრაზა, რომ პირველი სექსისას ქალი ვერ დაფეხმძიმდება. რეალობა კი ისაა, რომ დაორსულების შანსი ყოველთვის არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, ქალისთვის ეს პირველი სექსუალური გამოცდილებაა თუ არა, დაფეხმძიმების შანსი იმდენივეა, რამდენიც სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
2. მითია, რომ "გარეთ გათავება" დაორსულებისგან გიცავს
ბევრი წყვილისგან შეიძლება მოისმინო, რომ პრეზერვატივით სექსი არც ისე სასიამოვნოა, ამიტომ თავს "გარეთ გათავებით" იცავენ. სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუო და გითხრა, რომ ამ მეთოდის შედეგად დაუგეგმავად 5-დან 1 ქალი ორსულდება. ამ დროს სპერმის ქალის სხეულში მოხვედრის ალბათობა მაინც არსებობს, თანაც ეს მეთოდი სექსუალურად გადამდები დაავადებებისგან არ დაგიცავს.
3. მითია, რომ სექსუალურად გადამდები დაავადებები იმას არ ემართება, ვისაც მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს
ადამიანების დიდმა ნაწილმა, რომელთაც სექსუალურად გადამდები დაავადებები აქვთ, ხშირად ამის შესახებ არ იციან, რადგან სიმპტომები საერთოდ არ ან გვიან უვლინდებათ. ამის გამო, მათ ორგანიზმში ინფექცია ისე შეიძლება ვითარდებოდეს, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდეთ.
შესაბამისად, პარტნიორების რიცხვს მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, ერთი პარტნიორი გყავდეს და მას ჰქონდეს სექსუალურად გადამდები დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალურად გადამდები დაავადებების რისკი რამდენიმე პარტნიორთან ურთიერთობით იზრდება, შანსი ერთი პარტნიორის შემთხვევაშიც არის. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე ორივე პარტნიორმა გამოიკვლიოს, აქვს თუ არა რაიმე სახის ინფექცია და იმკურნალოს.
4. მითია, რომ ორალური და ანალური სექსით სექსუალურად გადამდები დაავადებები არ გადადის
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ სექსუალურად გადამდები დაავადებები მხოლოდ ვაგინალური სექსით გადადის, როდესაც ამის რისკი ორალური და ანალური სექსის დროსაც არსებობს. დაუცველი ვაგინალური, ორალური თუ ანალური სექსისას შეიძლება გადაგედოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: სიფილისი, ქლამიდიოზი, გონორეა, ჰეპატიტი, ჰერპესი და სხვ.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართალია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა თავდაცვის საშუალებები ორსულობისგან იცავს, თუმცა სექსუალურად გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის ერთადერთი გზა პრეზერვატივის გამოყენებაა.
5. მითია, რომ ქალები თითოეული სექსუალური აქტისას ორგაზმს აღწევენ
როდესაც ადამიანები სექსზე ლაპარაკობენ, ხშირად ისინი ვაგინალურ პენეტრაციას გულისხმობენ, თუმცა 2015 წლის კვლევა ადასტურებს, რომ პენეტრაციით ორგაზმს მხოლოდ ქალების 18% აღწევს და მათი დიდი ნაწილი კლიტორის სტიმულაციას ამჯობინებს.
წნეხის გამო, რომ თითოეული სექსუალური აქტისას ორგაზმის მიღწევა აუცილებელია, ქალები ხშირად პარტნიორებს ატყუებენ, რომ ორგაზმი აქვთ, როცა ეს ასე არაა. მათ უნდათ, რომ "ნორმალურები" გამოჩნდნენ და თავიანთ პარტნიორ კაცებს თავი კარგად აგრძნობინონ.
ვაგინალური პენეტრაცია სექსის განუყოფელი ნაწილი არაა და ისიც ბუნებრივია, თუ ამ დროს რომელიმე პარტნიორს ორგაზმი არ ექნება და ამისთვის სხვა ხერხს მიმართავს. "კარგი სექსი" არის ის, რასაც პარტნიორები ჩათვლიან, რომ სიამოვნებთ და მოსწონთ, შესაძლოა, ეს როლურ თამაშებს გულისხმობდეს, გრძელვადიან პრელუდიას და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ სექსუალურ პარტნიორთან გულწრფელი იყო და მას შენს სურვილებზე ღიად ესაუბრო.
6. მითია, რომ სექსი მტკივნეული უნდა იყოს
აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 4-დან 3 ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უგრძნია ტკივილი სექსუალური აქტის დროს. სექსის დროს ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაძლოა, პირველად დისკომფორტი იგრძნო, თუმცა ძლიერი ტკივილი და სისხლდენა პრობლემაზე მიანიშნებს, განსაკუთრებით, თუ ეს შემდეგ ჯერზეც განმეორდა.
ხშირად ქალებისთვის პირველი სექსუალური აქტი მტკივნეული სხვადასხვა მიზეზის გამოა, მათ შორის, ფსიქოლოგიური ფაქტორების, მაგალითად, დაძაბულობის, სოციალური წნეხის და სხვ. თუმცა შეიძლება, ამას ფიზიკური მიზეზიც ჰქონდეს, მათ შორის, სიმშრალე, ვაგინალური კედლების დაზიანება, გაღიზიანება, ალერგია, ენდომეტრიოზი და ა.შ.
შეგიძლია, ლუბრიკანტის გამოყენება სცადო, პრელუდია გაახანგრძლივო, იპოვო, რა გსიამოვნებს, ასევე, დარწმუნდე, რომ სექსუალური ცხოვრების დასაწყებად მზად ხარ და ამას ვინმეს წნეხის გამო არ აკეთებ. ამასთან, ტკივილის გაგრძელების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ექიმთან გაიარო კონსულტაცია, ტკივილის მიზეზიც გაარკვიო და თავდაცვის მეთოდებსაც გაეცნო.
7. მითია, რომ ქორწინებაში ყოფნა სექსს გავალდებულებს
კიდევ ერთი გავრცელებული მითი, რომელსაც ხშირად მოისმენ, არის ის, რომ ქორწინებაში ყოფნა სექსის ვალდებულებასაც ნიშნავს და თუ ერთ პარტნიორს სექსი ენდომება, მეორემ თავისი სურვილი გვერდით უნდა გადადოს.
ქორწინებაში ყოფნა პარტნიორს არ ხსნის იმის ვალდებულებას, რომ მეორე ადამიანის სურვილს პატივი სცეს და მისგან თანხმობა მიიღოს. თუნდაც დაქორწინებული იყო, თუ კონკრეტულ მომენტში სექსი არ გინდა, აქტის შეწყვეტა გსურს ან რაიმე მიზეზით თავს ცუდად/არაკომფორტულად გრძნობ, ამის გაჟღერება უნდა შეგეძლოს და პარტნიორი ვალდებულია, ამას პატივი სცეს.
8. მითია, რომ ალკოჰოლი და ნარკოტიკები სექსზე უარყოფით გავლენას არ ახდენს
ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ხშირ მოხმარებას სექსუალურ ცხოვრებაზე გავლენა არ აქვს, თუმცა ეს ასე არაა. მაგალითად, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ხშირად მოხმარებამ შესაძლოა, ადამიანის ლიბიდო და შესაბამისად, სექსის სურვილი დააქვეითოს. ზოგ შემთხვევაში ამ ნივთიერებების გამო ადამიანს ორგაზმის მიღწევა ან სექსისგან სიამოვნების მიღება შეიძლება გაუჭირდეს.
ასევე, მნიშვნელოვანი გვახსოვდეს, რომ თანხმობა აუცილებელია და არ ვისარგებლოთ ადამიანის მდგომარეობით, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაშია.
შენ ყველაზე ხშირად რომელი მითი გსმენია?
იხილეთ ასევე:
კომენტარები