სუპერნოვა შავ ხვრელებს ან ნეიტრონულ ვარსკვლავებს წარმოქმნის — ახალი მტკიცებულება
ასტრონომებმა ზეახალი მნათობების აფეთქებასა და შავი ხვრელების ან ნეიტრონული ვარსკვლავების წარმოქმნას შორის პირდაპირი კავშირი გამოავლინეს. მათ ამისთვის ძალიან დიდი ტელესკოპი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ახალი ტექნოლოგიის ტელესკოპი გამოიყენეს.
ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება, იგივე სუპერნოვა, მაშინ ხდება, რომ ეს მასიური ობიექტები სიცოცხლის დასასრულს საკუთარი მძლავრი გრავიტაციის გავლენით კოლაფსს განიცდის. ამის შემდეგ ძალიან მკვრივი ბირთვი რჩება, რომელიც თავდაპირველი მასის მიხედვით ან ნეიტრონულ ვარსკვლავად იქცევა, ან შავ ხვრელად.
მეცნიერებს მსგავსი პროცესი რეალურ დროში აქამდე არ ჰქონდათ დაფიქსირებული, ამიტომ პირდაპირი მტკიცებულება არ მოგვეპოვებოდა. ეს 2022 წლის მაისში შეიცვალა, როცა სამხრეთაფრიკელმა მოყვარულმა ასტრონომმა ბერტო მონარდმა SN 2022jli-ის სახელით ცნობილი ზეახალი აღმოაჩინა. მისი შესწავლა სპეციალისტთა ორმა დამოუკიდებელმა გუნდმა დაიწყო.
ზეახალი ვარსკვლავების უმეტესობა აფეთქების შემდეგ სიკაშკაშეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად, კარგავს. SN 2022jli-ის შემთხვევაში ასე არ მომხდარა. მისი ელვარება შემცირდა, მაგრამ ის დაახლოებით 12 დღეში ერთხელ ციმციმებდა, ანუ ხან აკაშკაშდებოდა და ხანაც მკრთალდებოდა. მსგავსი პერიოდული ცვლილებები მეცნიერებმა პირველად შენიშნეს.
მათი თქმით, ეს აღნიშნულ სისტემაში ორი ობიექტის არსებობით აიხსნება, რაც იშვიათობა სულაც არაა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ SN 2022jli-ის კომპანიონი მნათობი აფეთქებას გადაურჩა და მისი ბირთვის გარშემო მოძრაობა განაგრძო. იქ გამა გამოსხივების ნაკადები და წყალბადის აირის გადაადგილებაც შენიშნეს.
ორივე გუნდი შემდეგ სცენარზე თანხმდება: SN 2022jli-ის კომპანიონი ვარსკვლავი აფეთქებისას გატყორცნილ მატერიასთან შევიდა ურთიერთქმედებაში, რამაც მისი წყალბადით მდიდარი ატმოსფერო "გაბერა". სწორედ ამ უკანასკნელში გაიარა ზეახალის ნარჩენმა ბირთვმა, წყალბადი მიითვისა და გარშემო ცხელი მატერიის დისკო წარმოქმნა. ამ პროცესში დიდი ოდენობით ენერგია თავისუფლდება, რაც სიკაშკაშის ცვლილებას გამოიწვევდა.
ეს მკვრივი ობიექტი ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი უნდა იყოს, თუმცა კონკრეტულად მისგან მომავალი სინათლე ტელესკოპებს არ დაუფიქსირებია. ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ სისტემაზე მეტის გაგებას ახალი თაობის ტელესკოპებით შეძლებენ.
ერთი გუნდი კვლევა გამოცემაში Nature გამოქვეყნდა, მეორისა კი The Astrophysical Journal Letters-ში.
კომენტარები