როგორ და როდის გახდა სოკო ფსიქოდელიური — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ფსიქოდელიური სოკო დინოზავრების გადაშენებამდე უკვე არსებობდა, თუმცა ზუსტად რატომ განუვითარდათ სოკოებს ფსიქოდელიური ნაერთების გამომუშავების უნარი, საიდუმლოდ რჩება. კვლევის ავტორებმა იმ გენების ისტორია შეისწავლეს, რომლებიც ცნობიერების შემცვლელ ნივთიერება ფსილოციბინს აწარმოებენ. აღმოაჩნდა, რომ Psilocybe-ის გვარის მქონე სოკომ შესაბამისი ფერმენტები პირველად დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ გამოიმუშავა.
მსოფლიოში Psilocybe-ს სოკოს დაახლოებით 165 სხვადასხვა სახეობაა იდენტიფიცირებული, რომელთა უმრავლესობა ფსიქოაქტიურია. თუმცა, ფსილოციბინის გენების იდენტიფიცირება 2017 წლამდე არ მომხდარა.
როგორც ირკვევა, ნაერთი სინთეზირებულია ფერმენტებით, რომლებიც ტრიპტოფანის ამინომჟავას ფსილოციბინად გარდაქმნის. ეს გენები გაერთიანებულია ბიოსინთეზური გენების კლასტერში (BGC). თუმცა, მკვლევრებმა BGC აქამდე მხოლოდ ხუთ სხვადასხვა Psilocybe სახეობაში აღმოაჩინეს, რაც ართულებდა ამ გენების ევოლუციური ისტორიის მიკვლევას.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, კვლევის ავტორებმა 71 სხვადასხვა Psilocybe სოკოს გენომი ერთმანეთს შეადარეს. ამით 2983 გენის განაწილება გააანალიზეს, რათა შეექმნათ გენეტიკური ოჯახის ტიპი, რომელიც ცნობილია როგორც ფილოგენია. სოკოს ევოლუციურ ისტორიაში სხვადასხვა გენების გაჩენა უთითებს, რომ ფსილოციბინი BGC პირველად დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ გამოჩნდა.
ეს ნიშნავს, რომ ფსიქოდელიური სოკო დინოზავრების ეპოქასაც მოესწრო. მკვლევრების ანალიზზე დაყრდნობით, ფსილოციბინი პირველად ხის სოკოების სახეობებში გაჩნდა, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა სოკოებში, რომლებიც ნიადაგსა და ცხოველთა ნარჩენებში იზრდება.
შესაბამისად, ფსიქოდელიურმა სოკომ ევოლუცია პირველი ადამიანის გაჩენამდე ბევრად ადრე განიცადა. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფსილოციბინის ევოლუციურ ფუნქციას რაიმე კავშირი ჰქონდეს ადამიანებთან. ჩნდება შეკითხვა, რატომ წარმოიშვა ეს ნაერთი ასე ადრე?
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ფსილოციბინი, დიდი ალბათობით, არასდროს ყოფილა განკუთვნილი დიდი ზომის ცხოველებისათვის.
"სოკო-მწერების ურთიერთქმედება ცნობილი ფაქტია და ეს ლოგიკურ ჰიპოთეზას იძლევა, რომ სოკოში ფსილოციბინი როგორც ქიმიური თავდაცვითი შემადგენლობა ისე განვითარდა. თუმცა, ამ მხრივ ეპირიული კვლევების ნაკლებობაა", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
თუმცა, ამ თეორიას ეწინააღმდეგება ის ფაქტი რომ მწერები ფსილოციბინის მქონე სოკოზე ხშირად კვერცხებს დებენ. ეს შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ მწერებმა დროსთან ერთად ფსილოციბინის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს, ან ეს ნაერთი მათი შემაკავებელი არასდროს ყოფილა.
სამწუხაროდ, მკვლევრებს ჯერ არ შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ გახდა სოკო ფსიქოდელიური, თუმცა, რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ბოლო კვლევა ცხადყოფს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგია.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში შეგიძლიათ ნახოთ.
კომენტარები