ჰაბლის ტელესკოპმა ყველაზე კაშკაშა რადიოაფეთქების მოულოდნელი წყარო დააფიქსირა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გამოავლინა, საიდან მომდინარეობს აქამდე დაფიქსირებულთაგან ყველაზე კაშკაშა სწრაფი რადიოაფეთქება. მისი წყარო შერწყმის პროცესში მყოფი ხნიერი გალაქტიკები აღმოჩნდა, რაც ასტრონომებისთვის მოულოდნელი იყო. როგორც წესი, ასეთი "ანთებები" ერთ კონკრეტულ სისტემაში წარმოიქმნება ხოლმე, რომლებიც დედამიწასთან შედარებით ახლოსაა.
მეცნიერთა მიერ შესწავლილი მოვლენა 2022 წლის 10 ივლისს შენიშნეს, როცა ავსტრალიაში განლაგებულმა რადიოტელესკოპმა Square Kilometre Array ღამის ცაზე რადიოაქფეთქების სიკაშკაშე დააფიქსირა. ეს ფენომენი ძალიან ხანმოკლეა, მაგრამ ელვარებით გამოირჩევა, ამიტომ ზოგჯერ მისი რადიოგამოსხივება მთლიან გალაქტიკასაც კი ჩრდილავს.
ჩილეში არსებული ძალიან დიდი ტელესკოპის მეშვეობით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მისი წყარო ჩვენგან ძალიან შორსაა, ხოლო თავად აფეთქება სხვებზე 4-ჯერ უფრო ენერგიული იყო. ასეთ მოვლენებს მასიური და მკვრივი ობიექტების ურთიერთქმედება უნდა იწვევდეს, როგორიც შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავებია.
რაც მთავარია, ისინი ცალკეული გალაქტიკებიდან მომდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ზემოხსენებული რადიოაფეთქება ამ მხრივ განსხვავებულია. ჰაბლის მონაცემებით, ეს კაშკაშა ანთება გრავიტაციულად ურთიერთმოქმედ 7 გალაქტიკაში გაჩნდა, რომელთა ასაკიც დაახლოებით 5 მილიარდი წელია.
"ჰაბლი რომ არა, ჯერ კიდევ იდუმალებით იქნებოდა მოცული, ერთეული გალაქტიკიდან მომდინარეობს ეს აფეთქება თუ ურთიერთმოქმედი სისტემიდან. სწორედ ასეთი ტიპის, უჩვეულო გარემოს მქონე რეგიონები გვეხმარება, რომ სწრაფი რადიოაფეთქებების შესახებ მეტი შევიტყოთ", — აცხადებენ მეცნიერები.
ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო დახვეწილი ტელესკოპების მეშვეობით მძლავრ რადიოანთებებს დავაფიქსირებთ, რაც ამ ფენომენის უკეთ შესწავლისა და მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენის საშუალებას მოგვცემს.
აღნიშნული შედეგები ავტორებმა ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების 243-ე შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები